რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაველ პოპოვი თაღლითობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
გამოძიების მტკიცებით, 2021 – 2024 წლებში პოპოვი მოსკოვის ოლქში მდებარე პარკ „პატრიოტის“ განვითარებაზე, მომსახურებასა და მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი.
პარკის კეთილმოწყობისთვის გამოყოფილი თანხებით მან მოსკოვის ოლქში მდებარე საკუთარი აგარაკი აიშენა. მას ამ საქმეში „პატრიოტის“ დირექტორი ვიაჩესლავ ახმედოვი და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ვლადიმერ შესტეროვი ეხმარებოდნენ. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ახმედოვი და შესტეროვიც დაკავებულები არიან.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ პოპოვი პარკისთვის განკუთვნილ სამშენებლო მასალების ნაწილს საკუთარ აგარაკზე ეზიდებოდა, გარდა ამისა, ის აგარაკზე პარკის კონტრაქტორ კომპანიებს უსასყიდლოდ სარემონტო სამუშაოების წარმოებას აიძულებდა.
საგამოძიებო კომიტეტმა აგრეთვე დაადგინა, რომ მოსკოვში, მოსკოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში პოპოვს და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში უძრავი ქონების არაერთი ობიექტია. მათი საერთო ღირებულება 500 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენს, რაც 5,4 მილიონი დოლარია.