ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად.
„ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განვავითაროთ ახალი ტურისტული ადგილები ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად. ეს ყველაფერი გაკეთდება თანმიმდევრულად, კარგად გააზრებული პოლიტიკის შესაბამისად, როგორც ეს კეთდებოდა აქამდე. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს, ბატონ ლევან დავითაშვილს, მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც კურირებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართულია ამ სექტორის განვითარებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.