ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან პეკინში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამერიკასთან სტაბილური და მდგრადი ურთიერთობების მომხრეა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„პრეზიდენტმა სიმ აღნიშნა, რომ ჩინეთის პოლიტიკა აშშ-თან მიმართებაში საკმაოდ თანმიმდევრულია, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობებში დიდი ცვლილებები მოხდა. ჩინეთი ერთგული რჩება აშშ-თან სტაბილური, ჯანმრთელი და მდგრადი ურთიერთობების მიმართ, რომელიც ურთიერთ პატივისცემაზე, მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ურთიერთმომგებიან თანამშრომლობაზეა დამყარებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჩინეთის ლიდერმა, აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი პეკინთან ერთად საერთო საკითხების გადაწყვეტაზე იმუშავებს და არ აღიქვამს მას, როგორც გამოწვევას.
სალივანმა, თავის მხრივ, სი ძინპინს ბაიდენის მოკითხვა გადასცა. მისი თქმით, აშშ-ის ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა არ შეცვლილა და ამერიკას არ აქვს განზრახული ტაივანი ჩინეთის შესაკავებლად გამოიყენოს.
მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა შენარჩუნებული იქნება და ორი ქვეყანა ერთად თანაცხოვრებას გააგრძელებს, ხოლო მათი ურთიერთობა მდგრადი იქნება.