ბექა ოდიშარია: “ლელომ” და მისმა დამფუძნებელმა არაფერი არ გააკეთეს, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელებულიყო
“ლობისტურმა კომპანიამ, სახელწოდებით პარტია „ლელომ“ და მისმა დამფუძნებელმა არაფერი არ გააკეთეს, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო”, – ეს განცხადება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს პროექტის განხორციელებაში დახმარებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“, მმართველმა გუნდმა, ყველაფერი გააკეთა საკონსტიტუციო ჩანაწერებიდან დაწყებული, დამთავრებული ყველანაირი ფულადი სახსრების გაცემით, მიწების შესყიდვებით, სხვადასხვა პროექტების შემზადებით იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელებულიყო. მათ შორის გაადვილებოდა მამუკა ხაზარაძეს და მის ჯგუფს მოზიდვა ინვესტორების. ხოლო საპირისპიროდ ამისა, ლობისტურმა კომპანიამ სახელწოდებით პარტია „ლელომ“ და მისმა დამფუძნებელმა არაფერი არ გააკეთეს, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. უბრალოდ, ბოლო ეტაპზე მოითხოვეს თუ შეწყდებოდა ტვირთბრუნვა სხვადასხვა მხრიდან და ძირითადად აღმოსავლეთიდან ამის გარანტი ყოფილიყო საქართველო, მისი ბიუჯეტი და საქართველოს გადასახადის გადამხდელი. აი, სწორედ ეს აღკვეთა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას აჭიანურებენ. სასამართლომ დაადასტურა, რომ ანაკლიის კონსორციუმთან მთავრობამ ხელშეკრულება კანონიერად გაწყვიტა. ხაზარაძე ჯაფარიძეს კი საარბიტრაჟო სასამართლომ სახელმწიფოსთვის 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.