leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ – ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტია, არჩევნებზე სხვადასხვა გაერთიანებისგან დამოუკიდებლად წარდგება

„ქართული ოცნება“ არის სიმშვიდის, ეკონომიკური გაძლიერების გარანტი, მას ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს.

„ქვეყანაში ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიაა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ეს არის გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდისა და ეკონომიკური გაძლიერების გარანტიაა. აღნიშნული  მხარდაჭერა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან გაერთიანებებით საზოგადოების დაბნევას ცდილობს. მიუხედავად ამისა, ხალხი 26 ოქტომბერს მათ შესაბამის პასუხს გასცემს.

„არჩევნებზე წარვდგებით როგორც სხვადასხვა გაერთიანებისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდი. ოპოზიციაში მაქსიმალურად ცდილობენ დააბნიონ საზოგადოება, თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს – ვინ არიან, როგორია მათი განვლილი პოლიტიკური ცხოვრება, რა აქვთ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული. ხალხს კარგი მახსოვრობა აქვს. შესაბამისად, 26 ოქტომბერს ხალხი რადიკალიზმს და იმ ბოროტებას, რომელიც დღევანდელი ოპოზიციის სახითაა წარმოდგენილი, შესაბამის პასუხს გასცემს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ