პირველ სექტემბერს იუსტიციის სახლის ფილიალებში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება იქნება შესაძლებელი
პირველ სექტემბერს იუსტიციის სახლის ფილიალებში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
იუსტიციის სახლის ცნობით, ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.
„დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00-დან 17:00 საათამდე საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ბათუმის ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.