სერგეი ლავროვი: ზელენსკიმ აღიარა, რომ კურსკში შეჭრა ტერიტორიის გაცვლისთვის სჭირდებოდა, რუსეთი ამ საკითხს არ განიხილავს
„ვოლოდიმირ ზელენსკი თავადაც აღიარებს, რომ კურსკის რეგიონზე თავდასხმა საჭირო იყო ტერიტორიის გაცვლისთვის, მაგრამ რუსეთის ფედერაცია არავისთან არ განიხილავს საკუთარი ტერიტორიის გაცვლას“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვის თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები კიდევ უფრო რთული გახდება.
„რა მიზანი და გეგმა დასახეს, ახლა პოლიტოლოგები ამაზე მსჯელობენ და ზელენსკიმაც კი თქვა, რომ ის აღიარებს, რომ შემდგომში გაცვლა დასჭირდებათ… ჩვენ არავისთან არ განვიხილავთ ჩვენს ტერიტორიის საკითხს“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, პუტინმა წელიწად-ნახევრის წინ, შესაძლო მოლაპარაკებების თემაზე შეხებისას განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკების წინააღმდეგი არ არის.
შეგახსენებთ, უკრაინულმა ძალებმა 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციაში, კურსკის რეგიონზე შეტევა დაიწყეს. ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ ის აკონტროლებს 1000 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიას.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკის რეგიონში ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც იგეგმებოდა.