„არ გამოუვათ არც მელიას, არც გვარამიას, არც ხაზარაძეს, არც გახარიას და არც მათ სხვა დანამატებს „ნაცებისგან“ გამიჯვნა – ასეთ ტყუილს საზოგადოებას ვერ შეასაღებენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რამდენადაც არ უნდა დაიშალონ – მელია, ხაზარაძე, გვარამია, ვითომ გამიჯნულები არიან „ნაცმოძრაობისგან“. რანაირად უნდა მოხდეს ეს? ხაზარაძე როგორ უნდა გაემიჯნოს „ნაცმოძრაობას“? თეორიაში როგორ წარმოგიდგენიათ ეს? მელია? გვარამია? ორგანული ნაწილები არიან – ერთი ჩართული იყო თავიდან ბოლომდე ბიზნესის რეკეტში, „ბიზნესგარიგებებში“, მეორე სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობდა და პარტიის თავმჯდომარე იყო საერთოდ. მესამე, გვარამია, „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ფილმების ავტორი, სადამსჯელო ოპერაციების მთავარი წარმომადგენელი იყო. ეს ადამიანები ახლა დაიქსაქსნენ და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ „ნაცებისგან“ დამოუკიდებლები არიან. ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს. როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მხოლოდ 20%-ამდე პოტენციალი დარჩათ ხმების ათვისების, ისინი ცდილობენ, დანარჩენ 20%-ზე ამ ტყუილებით იმუშაონ. არ გამოუვათ არც მელიას, არც გვარამიას, არც ხაზარაძეს, არც გახარიას და არც მათ სხვა დანამატებს „ნაცებისგან“ გამიჯვნა – ასეთ ტყუილს საზოგადოებას ვერ შეასაღებენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.