leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზივზივაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „ბრაუნშვაიგს“ ესტუმრა და ბოლო წუთებზე ქართველი თავდამსხმელის მიერ გატანილი ბურთით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

გუნდებს სატურნირო ცხრილში საპირისპირო პოზოციები ეკავათ – ზივზივაძის გუნდი ლიდერებში იყო, ხოლო „ბრაუნშვაიგი“ უქულოდ ბოლო ადგილს იკავებდა და ერთი შეხედვით, ფავორიტად „კარლსრუე“ მიიჩნეოდა, მაგრამ აუტსაიდერმა დიდი ბრძოლა გაუმართა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89 წუთი ითამაშა. „ბრაუნშვაიგმა“ თამაში კარგად დაიწყო და მე-19 წუთზე დაწინაურდა. „კარლსრუე“ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენეტების შექმნა უჭირდა. შესვენებამდე ყველაზე რეალური შანსი ქართველმა თავდამსხმელმა შექმნა და რომ არა მეკარე, ანგარიშს გაათანაბრებდა.

მეორე ტაიმიც „კარლსრუეს“ უპირატესობით მიმდინარეობდა. საგოლე მომენტი ისევ ბუდუს აქტიურობას მოჰყვა, რომელმაც გადაცემა ჩაჭრა და შეტევა წამოიწყო. მარვინ ვანიცეკის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

სტუმრებმა ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრეს – კუთხურის გათამაშების შემდეგ მცველებს შვეიცარიელმა თავდამსხმელმა, 21 წლის ანდრინ ჰუნზიკერმა დაასწრო და თავური დარტყმით „ბრაუნშვაუგის“ კარი აიღო. 87-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ რეალური შანსი მიიღო და ზუსტი დარტყმით „კარლსრუეს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.

ოთხი ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 10 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან „დიუსელდორფს“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.

ბუდუ ზივზივაძემ მაღალი შეფასება (7,7) მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (MVP) გახდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ მაჩვენებლით, ის მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში „ელვერსბერგის“ თავდამსხმელს, ფისნიკ ასლანს დაეწია.

ასევე იხილეთ