leaderboard_below_slide
left_sabechdi

შოთა არველაძე: დარასელიას თასმა ყველა მოლოდინი გაამართლა და რეგიონის მთავარი ტურნირის სტატუსი განიმტკიცა

შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვიტალი დაარსელიას თასის გათამაშების დასრულებას, რომლის ფინალშიც „იუვენტუსის“ აკადემიამ „ვალენსიას“ 16-წლამდელების გუნდი 1:0 დაამარცხა და მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

„დარასელიას საერთაშორისო ტურნირმა ყველა მოლოდინი გაამართლა და საინტერესო ფინალის შემდეგ, რეგიონის მთავარი ტურნირის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა. ძალიან ბევრი ნიჭიერი და გამორჩეული მოთამაშე ვნახეთ, როგორც თბილისის „დინამოდან“ და თბილისის „ლოკომოტივიდან“, ისე უცხოური გუნდებიდან. დარწმუნებული ვარ, მათი ნაწილი აუცილებლად ითამაშებს ეროვნულ ნაკრებსა თუ ევროპულ კლუბებში.

მოწვეული გუნდების წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთ პირობებში თამაში მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში მატჩები ძირითადად ხელოვნურსაფარიან მოდნებზე ტარდება, დარასელიას თასი კი სრულად ბუნებრივ საფარზე ჩატარდა.

იტალიური, ესპანური, ინგლისური და თურქული საფეხბურთო კულტურის გაცნობით და მათი გამორჩეული გუნდების წინააღმდეგ თამაშით, ქართველი ფეხბურთელები აუცილებლად დაინახავენ რა მიმართულებით სჭირდებათ განვითარება და ყველაზე მეტად რის გამოსასწორებლად უნდა იმუშაონ. იგივეა მწვრთნელების და სტაფის წევრების შემთხვევაშიც, მსგავსი ტურნირები არა მხოლოდ საფეხბურთო ელემენტების, ასევე მოედნის მიღმა საკითხების გასაუმჯობესებლადაც უნდა გამოვიყენოთ.

სამომავლოდ, ვისურვებდი, რომ მეტი დამწყები თუ მოქმედი მწვრთნელი და ფეხბურთელი ჩაერთოს მსგავსი ტურნირების ყოველდღიურობაში, რადგან ასეთი კატეგორიის გუნდების თამაშზე დასწრებაც კი უდიდეს ინფორმაციას და ახლის გაგების შესაძლებლობას იძლევა.

ამ ტურნირს აქვს რესურსი, რომ ევროპულ ფეხბურთში თავისი განსაკუთრებული ადგილი ჰქონდეს და წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ არაერთ ვარსკვლავს და გამორჩეულ ფეხბურთელს გაუკვალა გზა ქართული და ევროპული გუნდებისკენ“, – წერს შოთა არველაძე.

ასევე იხილეთ