მამუკა მდინარაძე: ყველა დამპყრობელი ცდილობდა, ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ქვეყანაც, ხალხიც, ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია
“საუკუნეების განმავლობაში ყველა დამპყრობელი ამ ქვეყანაში ცდილობდა, ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ და არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძეს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ ოპოზიცია „ლგბტ კანონს უმნიშვნელოდ მიიჩნევს“.
„ოპოზიცია რასაც უწოდებს თითიდან გამოწოვილს, ამის მასშტაბზე რომ წარმოდგენა გვქონდეს, გეტყვით: საუკუნეების განმავლობაში ყველა დამპყრობელი ამ ქვეყანაში ცდილობდა, რომ ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა. არის თითიდან გამოწოვილი? 2-3 თაობაში შეიძლება, გაანადგუროს ის, რაც ვერ გაანადგურა ვერცერთმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში. ქართული საზოგადოების და ქართველი ერის არსებობა თუ არის თითიდან გამოწოვილი თემა, მაშინ მართლები ყოფილან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობა არ ეხება არცერთი ადამიანის უფლებას, რომელი უმცირესობის წარმომადგენელიც უნდა იყოს.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას უფლება უნდა დაიცვას ზედმიწევნით ყველა ხელისუფლებამ, მაგრამ როდესაც პროპაგანდა მიდის რაღაც საკითხების, რასაც თავისი კონკრეტული მიზნები აქვს, ეს მიზანი უნდა ამხილო და ამ პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა გაილაშქრო ყველა შესაძლო ლეგიტიმური საშუალებით. ქართული ეკლესია და საპატრიარქოც იმიტომ დგას ასე მყარად ამ პოზიციაზე და ჩვენც, ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება იმიტომ დგას ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის სადარაჯოზე, რომ ეს გამოწვევები კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული. ვინმეს ეჭვი თუ ეპარება, რომ დღეს ეს გამოწვევას წარმოადგენს, ოლიმპიადის გახსნა კარგად გადაახვიოს. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ოლიმპიადის გახსნას არ დაემსგავსოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.