მაია ბითაძე ოპოზიციას: არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად აირჩევს გზას, რომელსაც ქართული იდენტობა, მშვიდობა და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები ჰქვია
„ისევე როგორც ის 9-წლიანი, ძალიან მძიმე პერიოდი არ დავიწყებია საქართველოს მოსახლეობას, ასევე არ დაავიწყდება საქართველოს მოსახლეობას ის, რაც ჩაიდინეთ მიმდინარე წელს და არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად აირჩევს გზას, რომელსაც ქართული იდენტობა, მშვიდობა და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები ჰქვია“, – ასე მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მაია ბითაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ივიწყებს იმ გზას და ტკივილს, რომელიც საქართველომ, მოსახლეობამ გაიარა ძმათამკვლელი ომისა თუ ოკუპაციის შედეგად დაკარგული თანამემამულეების სახით.
„ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინოს საკუთარი ქვეყნის წინაშე და დაივიწყოს ის გზა, რომელიც ჩვენ მშვიდობისთვის და ევროპული ღირებულებების დანერგვისთვის მოვიპოვეთ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ. ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ამას აკეთებს ერთადერთი მიზნით, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. დღეს იმის მაგალითსაც ვხედავთ თუ როგორი გადაჯგუფებები ხდება რადიკალებს შორის მხოლოდ ერთადერთი მიზნით – მათ სამსახური ჰქონდეს მომდევნო პარლამენტში. იმუქრებიან იმით, რომ საქართველოს მოსახლეობა პასუხს გასცემს „რაღაცას“ და ვერ იაზრებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა პასუხს გასცემს სწორედ მათ, მათ ღალატს და მათ სურვილს რომ სტიგმატიზიაცია მოახდინონ საქართველოს მოქალაქეების, მეგობარი მეგობარს გადაკიდონ და ნათესავი – ნათესავს. თქვენ ვერც კი იაზრებთ, თუ რა დანაშაული ჩაიდინეთ, „ნაციონალურო მოძრაობავ“ და მის განშტოებებო, კიდევ ერთხელ ამ ქვეყნის წინაშე. ვერც კი იაზრებთ, როგორ მწარედ აგებთ სწორედ 26 ოქტომბერს, როდესაც თქვენი პოლიტიკური კარიერა კიდევ ერთხელ გაშავდება და დაერქმევა მას ღალატი. ვინ მოგცათ თქვენ იმის უფლება, რომ ყველაფერი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა – დაწყებული მშვიდობით, დამთავრებული ევროინტეგრაციის გზაზე მოპოვებული ძალიან დიდი წარმატებით, ერთი ხელის მოსმით დაანგრიოთ და გაუფუჭოთ მომავალი ჩვენს შვილებს“, – მიმართა მაია ბითაძემ ოპოზიციას.