გივი მიქანაძე: მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, როგორ ხდება გარე ძალების მხრიდან პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში და როგორ არის ამ პროცესებში პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ჩართული
“თითოეულ მოვლენას და ღონისძიებას არსებითად დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვის მიანდოს ქვეყნის შემდგომი განვითარების ბედი”, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, როგორ ხდება გარე ძალების მხრიდან პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში, როგორ არის ამ პროცესებში პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ჩართული და როგორ ხდება ამ პროცესებში მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია მმართველი გუნდის წინააღმდეგ.
„ჩვენ მოვიყვანეთ არაერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც საჯაროდ ცნობილია და ხაზი გავუსვით, როგორ ხდებოდა, მაგალითად, NDI-ის მიერ არჩევნების ოფიციალურ დანიშვნამდე კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკოსების ვიზიტების დაფინანსება. ისინი ასევე აორგანიზებდნენ მათ შეხვედრებს რეგიონებში მოსახლეობასთან. მათი კამპანიის მთავარი აქცენტი გადის მმართველი გუნდის დისკრედიტაციაზე იმიტომ, რომ მათ საზოგადოებისთვის არაფერი აქვთ სათქმელი. ამის ნათელი დადასტურებაა განვლილი 4-წლიანი პერიოდი მე-10 მოწვევის პარლამენტში, სადაც ოპოზიცია ან საერთოდ არ ესწრებოდა სხდომებს ისევე, როგორც დღეს. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ იყო სხდომაზე და არ იღებდა განხილვებში მონაწილეობას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.