ირაკლი კობახიძე: ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს, როცა გვემუქრებიან, მაგალითად, სანქციებით იმის გამო, რომ სანქციები არ დავაწესეთ რუსეთის მიმართ და მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ უკრაინაში, აქ არ უნდა დაიცვა თავი?!
“ანტიდასავლურ რიტორიკას, სინამდვილეში ის არ არსებობს. ჩვენ თავს ვიცავთ უსამართლო თავდასხმებისგან. როცა გამოდიან და გვემუქრებიან მაგალითად სანქციებით, რის გამო თან – სანქციები არ დავაწესეთ [რუსეთის მიმართ], მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ [უკრაინაში], მეტი ხომ სალაპარაკო არაფერი აქვთ?! ამ დროს გემუქრებიან სანქციებით. აქ არ უნდა დაიცვა თავი?”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და აცხადებენ, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, პარტიას და სახელმწიფოს შორის წაშლილია ზღვარი, პოლარიზებულია გარემო, მმართველ პარტიას აქვს ანტიდასავლური რიტორიკა და სახელისუფლებო გუნდი მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რაც ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების ნიშნებს შეიცავს.
„ერთ-ერთი მაინც დაასაბუთეთ, რომელია სერიოზული აქედან. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. PVT გააყალბა ამ ორგანიზაციამ და რაზეა საუბარი?! არჩევნები ხომ დაწყებულია. სად არის წაშლილი ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რით დასტურდება?!“ – აღნიშნა პრემიერმა, რაზეც ჟურნალისტი ჩაეკითხა, ხომ არ შეიძლება ეს იყოს თუნდაც ის, რომ თავად მთავრობის მეთაურია და პარტიულ ბრიფინგებს მართავს.
„ეს ახლა ნორმალური პასუხია? ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ხდება, ჩვეულებრივი მოვლენაა. მე მაქვს პოლიტიკური თანამდებობა, მაქვს სახელმწიფო თანამდებობაც. ეს [პარტიული ბრიფინგები] არის ჩვეულებრივი ამბავი. არავითარი წაშლილი ზღვარი ეს არ არის. რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, სინამდვილეში ის არ არსებობს. ჩვენ თავს ვიცავთ უსამართლო თავდასხმებისგან. როცა გამოდიან და გვემუქრებიან მაგალითად სანქციებით, რის გამო თან – სანქციები არ დავაწესეთ [რუსეთის მიმართ], მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ [უკრაინაში], მეტი ხომ სალაპარაკო არაფერი აქვთ?! ამ დროს რომ გემუქრებიან სანქციებით, აქ არ უნდა დაიცვა თავი? რა შუაშია ანტიდასავლური რიტორიკა აქ?! არაფერ შუაში არ არის, – აღნიშნა კობახიძემ.