leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი: ცესკო-სა და საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების მზაობა დიდია, ნდობა – გამართლებულია და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ამომრჩევლის ნება გარანტირებულად იქნება დაცული

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი რადიკალური ოპოზიციის მიერ ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი წერს, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი პოლიტიკური შინაარსის ირგვლივ გაერთიანებული სხვა ოპოზიციური პარტიები ცესკო-ს დისკრედიტაციას ცდილობენ იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ საზოგადოებას ნდობა დაეკარგოს.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების უზრუნველსაყოფად კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ატარებს. ექსპერტი დეტალურად აღწერს, თუ როგორ არის შესაძლებელი ემიგრანტებისთვის ხმის მიცემა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ცესკო-ს ინიციატივით საზოგადოების დიდი ნაწილი პირადად გაეცნო ელექტრონული ხმის მიცემის წესებსა და პრინციპებს. მისი თქმით, საზოგადოების მზაობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დიდია.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიკულარული ინტერესების მქონე, სისხლიანი დაჯგუფება და მის პოლიტიკურ შინაარსთან დაკავშირებული ყველა ძალა, ახალი ძველები და თუ ძველი ახლები, რევოლუციური სცენარისთვის ფულს ითვლიან და პარალელურ რეჟიმში, საარჩევნო ადმინისტრაციას უტევენ, რათა ამომრჩეველს დააკარგვინონ ნდობა ცესკოსა და კონკრეტულად 2024 წლის არჩევნების პროცესის მიმართ. დიდი ძმის პოლიტიკური ტყვე, ევროპელი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დავალებულია მათთან, ღიად ეწევა ცესკო-ს დისკრედიტაციას, აცხადებს რა, რომ არც ცესკო-ს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია მაშინ, როცა ცესკო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ემიგრანტებმა საკუთარი არჩევანი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გააკეთონ. უფრო დეტალურად კი – უცხოეთში, საარჩევნო უბნები დგება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და თუ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა რაოდენობა ჯდება არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000-ის ფარგლებში, ეს ხდება საფუძველი, რომ კონკრეტულ ქვეყნებში, კონკრეტულ ლოკაციებზე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეიქმნას საარჩევნო უბნები.

ასევე, ამომრჩეველი თუ არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, მას აქვს შესაძლებლობა, საარჩევნო უბნების შექმნის შემდგომ, მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და დარეგისტრირდეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. ამომრჩევლის ნება და უფლება, მისცეს ხმა და დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური აქტივობა, ცესკო-ს მიერ სრულად უზრუნველყოფილია და ხელმისაწვდომია ყველა სამართლებრივი მექანიზმით. ცესკო-ს დისკრედიტაცია და მასზე ასეთი მიზანმიმართული თავდასხმა არის ოპოზიციის მხრიდან პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ცესკო, როგორც „სუბიექტი“, მხოლოდ კანონით დადგენილ სამართლებრივ ფარგლებში მოქმედებს, მზადაა საარჩევნო პროგრესისათვის, ელექტრონული არჩევნებისათვის და უპრეცედენტო გამჭვირვალობისათვის. ცესკო-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი პირადად, უშუალოდ გაეცნო ხმის მიცემის ახალ მეთოდს იმიტაციური პროცესით.

სამიზნე ჯგუფები იყო: საჯარო სექტორი; ბიზნეს სექტორი; უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები (54-ია აკრედიტებული და 43-ში ჩატარდა ღია შეხვედრები სტუდენტებთან და პერსონალთან); იუსტიციის სამინისტროს ყველა იუსტიციის სახლი (დილიდან საღამომდე აცნობდნენ მისულ მოსახლეობას) ხმის მიცემის ახალ მეთოდს; პროცესში ჩართული იყო შსს მომსახურების სააგენტოს ყველა წარმომადგენლობა; ხმის მიცემის პრაქტიკული შესაძლებლობით ისარგებლეს მოქალაქეებმა მეტროს სადგურებში; თბილისსა და რეგიონებში, ბაზრებსა და ბაზრობებზე. ეს პროცესი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი უკვე მზადაა 2024 წლის არჩევნებისათვის! მათ ძალიან კარგად ესმით ის, რომ ელექტრონული ფორმით ხმის მიცემისას დაცული იქნება საარჩევნო უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული გარანტიები, ისევე როგორც ეს, ტრადიციული მეთოდით ხმის მიცემისას იყო გარანტირებული.

ასევე, დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება გამორიცხავს – მრავალჯერადი ხმის მიცემის პრაქტიკას, ბიულეტენების ჩაყრის შესაძლებლობას, წინასწარი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებას, ადამიანურ შეცდომებსა და მანიპულაციებს რეგისტრაციისას. შესაბამისად, ცესკო-სა და საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების მზაობა დიდია, ნდობა გამართლებულია და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად ამომრჩევლის ნება გარანტირებულად იქნება დაცული“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ