“ძალიან დიდი იმედი მაქვს, საზოგადოება საკონსტიტუციო უმრავლესობას მიანიჭებს და ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით შევა „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია მშვიდი არჩევნების შემდგომი პერიოდი, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შედეგების არაღიარებაზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე ზოგადად საარჩევნო პროცესზე.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, როდესაც ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გაუმზადებს მას განაჩენს, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს, იყოს საარჩევნო პროცესის დელეგიტიმაციის მცდელობა და შედეგს კითხვის ნიშანი დაესვას. ამ ყველაფერზე პასუხი არის ის, რომ საზოგადოებამ საარჩევნო დღეს დიდი პასუხისმგებლობა გამოავლინოს და ჩვენს სამშობლოს, უწყვეტ მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ პოლიტიკას ალტერნატივა არ შეუქმნას. ეს იქნება „ქართული ოცნების“ ისეთი გამარჯვება, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობას მიანიჭებს მას და ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით შევა „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.