ნინო წილოსანი: Heritage Foundation-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად მუშაობს პოლიტიკის ძირითად სფეროებში
„ეკონომიკური თავისუფლება, გლობალური ტერორიზმის საუკეთესო ინდექსი, მართლმსაჯულების მაღალი ეფექტიანობა, კორუფციის კონტროლის კარგი მაჩვენებელი, მსოფლიოში ნომერ პირველი ღია ბიუჯეტი, ხელისუფლების კეთილსინდისიერება – ასე ახასიათებენ საერთაშორისო რეიტინგები საქართველოს. ასეთი პოზიტიური და პროგრესირებადია ჩვენი პოზიციონირება გლობალურ ჭრილში და როგორია თქვენი კეთილსინდისიერების ხარისხი, ძვირფასო ოპონენტებო და ოპოზიციის წარმომადგენლებო?”, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ნინო წილოსანის თქმით, საქართველო სხვადასხვა კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის.
„საქართველო ამ მაჩვენებლებში ხშირ შემთხვევაში წინ არის იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის და ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანაზე, აღარც ვსაუბრობ უკრაინა-მოლდოვაზე, რომელსაც თურმე, როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, უნდა დავეწიოთ განვითარების კუთხით. კი არ უნდა დავეწიოთ, ქალბატონო სალომე და ჩვენო ოპონენტებო, საქართველო ერთ-ერთი წამყვანია არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ცრუ ბრალდებებით და ტყუილით, ევროკავშირის ინსტიტუციებში კარდაკარ სიარულით და საქმის გაფუჭებით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი.
„საქართველო ფინანსური თავისუფლების მეორე და ინვესტიციების თავისუფლებით მე-13 პოზიციას იკავებს. ეს ის მაჩვენებელი ხომ არ არის, რაც ძალიან გადარდებთ და რაზეც თანმიმდევრულად და დიდი მონდომებით მუშაობთ რომ გააფუჭოთ. Heritage Foundation-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად რთული გარე და პოლიტიკური გარემოსი, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად მუშაობს პოლიტიკის ძირითად სფეროებში. განხორციელდა რეფორმები. შემთხვევით თქვენ ხომ არ იხარჯებით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მილიონებს იხდით საკუთარი ქვეყნის დასაზიანებლად? „ფარას“ დოკუმენტებიდან ხომ პირდაპირ დასტურდება, როგორ გინდოდათ ლობირება გაგეკეთებინათ ყველაზე ცუდი და ანტიევროპული პრინციპებისთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.