საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასული კლუბების მწვრთნელებმა ლენოვო ტენერიფეს ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი ტურნირის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს.
ჩემპიონთა ლიგამ შეჯიბრს შემორჩენილი 16 გუნდის დამრიგებელი მე-2 წრის სტარტამდე გამოკითხა და სხვადასხვა ნომინაციებში გამორჩეულთა ჩამოთვლა სთხოვა.
შერმადინმა გამოკითხვაში 36.4% მიიღო და ზუსტად ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა თურქული პინარ ქარშიაქას მაღალ ვერნორ ქარის, მე-3 ადგილზე კი ასევე თურქული თოფაშის ცენტრი ოსტინ ვილი (18.2%) გავიდა.
საქართველონს ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი საუკეთესოთა შორის კიდევ ორ ნომინაციაში მოხვდა: ჩემპიონთა ლიგის MVP-ს ტიტულის მაძიებელთა შორის ის იერუსალიმის ჰაპოელის მოთამაშე ლევი რენდოლფისა და ხსენებული ვილის შემდეგ დაასახელეს. გიორგი ასევე ფიგურირებს იმ კალათბურთელთა ჩამონათვალში, რომლებიც მეტოქე გუნდების მწვრთნელებს ყველაზე მეტ საფიქრალს უჩენენ. საინტერესოა, რომ ამ მხრივ პირველ ადგილზე ტენერიფეში შერმადინის ბრაზილიელი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გავიდა.
ცნობისთვის, ლენოვო ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 6 მარტს ღამით ხსენებული ჰაპოელ იერუსალიმის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელთანაც პირველ წრეში სტუმრად 61:85 განადგურდა. ეს, ესპანური კლუბისთვის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი წაგებაა (2 გამარჯვების ფონზე) და სწორედ ჰაპოელის შემდეგ, K ჯგუფში მე-2 ადგილი უკავია.
აღნიშნულ ჯგუფში, ტენერიფესა და ჰაპოელის გარდა თურქული ქარშიაქა და ბერძნული პერისტერი თამაშობენ, რომელთაც შერმადინი და მისი თანაგუნდელები ასევე მარტში დაუპირისპირდებიან. ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა, ჩემპიონის ვინაობა კი მაისში გამოვლინდება. ლენოვო ტენერიფეს ჩემპიონთა ლიგა 2017 და 2022 წლებში აქვს მოგებული, ოღონდ, იბეროსტარ ტენერიფეს სახელწოდებით.