leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ თავიდანვე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არასდროს ყოფილიყო გამოყენებული სანქციებისგან თავის არიდების ადგილად

იცით, რომ ევროკავშირის სანქციების საკითხი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და ის, რომ საქართველომ თავიდანვე ყველაფერი გააკეთა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არასდროს ყოფილიყო გამოყენებული სანქციებისგან თავის არიდების ადგილად, ეს არის აუცილებლად სათქმელი, ვინაიდან მთელი რიგი ძალისხმევაა გაწეული, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მიმდინარე საპარლამენტო დისკუსიაში მონაწილეობს.

„ეს ყველაფერი სახელმწიფო უწყებების კარგი მუშაობის შედეგია და რა თქმა უნდა ამის შესახებაც უნდა ვისაუბროთ ჩვენ ევროპელ კოლეგებთან, როგორც ამ მიმართულებით მთავარ მიღწევაზე“, – აღნიშნა მან.

ბოჭორიშვილმა ასევე უპასუხა „ქრონიკის“ კითხვას, რომელიც ევროკავშირის მხრიდან კანდიდატი ქვეყნებისთვის მოლაპარაკებების გახსნას ეხებოდა.

„იცით, რომ 2024 წელი არჩევნების წელია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირშიც. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყურადღება ამ მიმართულებით არის გადატანილი, თუ როგორი იქნება მომდევნო ევროკომისია და ცოტა რთულია საუბარი იმაზე, რამდენად შეძლებს ევროკომისია ამ შემადგენლობით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას და რამდენად იქნება შესაძლებელი ამ კომისიის მიერ იყოს მიღებული ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორიცაა კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების გახსნა. თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს წილი საქმე იყოს გაკეთებული და თუკი ამის შესაძლებლობა იქნება, ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად და ვფიქრობ, რომ ვიქნებით მზად, თუკი ევროკავშირი შეძლებს მიიღოს ამ არჩევნებით დატვირთულ წელს მსგავსი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ