„ამნისტია საჭიროებს დეტალურ ანალიზს და პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები უამრავ ასპექტში. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი და იმსჯელებენ დეპუტატები“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამნისტია გავრცელდეს მიხეილ სააკაშვილზე.
ბრეგაძის თქმით, კანონპროექტი უმრავლესობის მიერ არ არის წარდგენილი და ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მინისტრის შეფასებით, ამნისტია პერსონებზე მორგებული არ უნდა იყოს.
„ვინმე თუ ცდილობს, რომ მოარგოს კონკრეტულ პიროვნებას და ამისთვის გამოიყენოს საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილება, თუ ოპოზიცია ცდილობს, მოარგოს რომელიმე ერთ კონკრეტულ პიროვნებას, ეს არ არის სწორი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხს, რატი ბრეგაძის განმარტებით, გადაწყვეტილება ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად იქნება მიღებული.
ამასთან, ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამავდროულად, რატი ბრეგაძე აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რა კავშირი აქვს სააკაშვილის შეწყალებას პოლიტიკურ დეპოლარიზაციასთან.
„მსჯავრდებული სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ის არ არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. ამიტომ როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ლოგიკით ჩემთვის სრულიად გაუგებარია საუბარი, რომ დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს. სააკაშვილი არ არის ქართველი პოლიტიკოსი, ის არის უკრაინელი პოლიტიკოსი და შესაბამისად, თუ საუბარია საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციის შესუსტებაზე ან დასრულებაზე, ამ შემთხვევაში, ჩემთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს უკრაინის მოქალაქის, რომელსაც საქართველოში ჩადენილი აქვს დანაშაული და იხდის საჯსელს, შეწყალებას პოლიტიკურ დეპოლარიზაციასთან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის თქმით, ვერ ისაუბრებს, სალომე ზურაბიშვილი გაიზიარებს თუ არა ზოგიერთი ევროპარლამენტარის მოწოდებას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება ევროპარლამენტის გარკვეული წევრების მოსაზრებებს და მათ მოწოდებებს პრეზიდენტისადმი, ჩვენ არასდროს გვიმოქმედია შთაბეჭდილებებით, პირიქით, ყოველთვის მკაცრად ვიცავდით სახელმწიფოს ინტერესებს, ზედმიწევნით ვასრულებთ კანონმდებლობის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ გარკვეული არხების სარედაქციო პოლიტიკაც ასეა მომართული და ეძებენ გარკვეულ სკანდალებს. როგორც გითხარით, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სახელმწიფოს ყველა ინტერესს. რაც შეეხება პრეზიდენტი გაიზიარებს თუ არ გაიზიარებს მათ მოწოდებებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გიპასუხებთ. თავად ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ამაზე განცხადება, თუმცა მახსოვს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მისი განცხადება – „არა და არასდროს“. მისი გადასაწყვეტია, სწორი იქნება, თუ არა, მაგრამ არ მგონია, რომ პრეზიდენტმა, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური, განწყობების მიხედვით უნდა გადათქვას საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
„არ ვიცი, ვისი მეშვეობით აგზავნის ის წერილებს. ალბათ ადვოკატების მეშვეობით და ეს წერილები ქვეყნდება „ფეისბუქზე“. თუ ის ვინმეს მოუწოდებს, გარკვეული პოლიტიკური ქმედებები შეასრულონ, ვისურვებდი, რომ არ დაემორჩილოს არცერთი გარეთ მყოფი პოლიტიკოსი მის მოწოდებებს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აქვს საქართველოში როგორც აქტიური, ასევე არც პასიური საარჩევნო ხმა, მას არ შეუძლია პოლიტიკური პარტიის წევრობა. საპარლამენტო რესპუბლიკაში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა და თუ პირი პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ იქნება, არჩევნებში მონაწილობას ვერ მიიღებს. რანაირად მონაწილეობს პოლიტიკაში აბა? თუ ის მართავს ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას, ეს არის თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.