leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილია თოფურიამ ესპანეთის მთავრობისგან მოქალაქეობაზე თანხმობა მიიღო

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ (15-0 ММА, 7-0 UFC) ესპანეთის მოქალაქეობის მიღებაზე დადებითი პასუხი მიიღო. ამის შესახებ ესპანეთის სპორტის მინისტრმა პილარ ალეგრიამ, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

“დღეს დილით მინისტრთა კაბინეტმა თანხმობა განაცხადა ილია თოფურიასთვის ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, – განაცხადა ალგრიამ, რომელმაც იმ მიზეზზეც ისაუბრა, რის გამოც ესპანეთის ხელისუფლებამ ქართული წარმომავლობის მებრძოლისთვის მოქალაქეობის მინიჭებას დათანხმდა. – მათ იციან, რომ ის შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ცნობილი სპორტსმენია და ის ჩვენს ქვეყანაში 2012 წლიდან ვარჯიშობს. ის სპორტის ამ სახეობაში სრულყოფილებისკენ სწრაფვისა და თავდაუზოგავი შრომის ეტალონია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მინისტრთა კაბინეტმა თოფურიასთვის მოქალაქეობის მინიჭება”.

ცნობილი ესპანური საიტი AS.com წერს, რომ ახლა თოფურიას მოუწევს არჩევანის გაკეთება ესპანეთისა და საქართველოს მოქალაქეობებს შორის, ვინაიდან, ამ ორ ქვეყანას შორის ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს. ილია თოფურიას 180 დღე აქვს იმისთვის, რათა ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს, დადოს ფიცი დროშასთან, აიხდინოს ოცნება და გახდეს ესპანეთის მოქალაქე.

დამაინც: შეუძლია თუ არა ილია თოფურიას, რომ ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა – როგორც ესპანეთის, ისე საქართველოსი? თეორიულად ეს შესაძლებელია.

მოკლედ, გზა ასეთია: ესპანური პასპორტის მიღების შემდეგ თოფურია ავტომატურად დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას. თუმცა საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, დაუშვას გამონაკლისი და UFC-ის ჩემპიონს აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა. ოღონდ იმისათვის, რომ ილია თოფურიას ორმაგი მოქალაქეობა (ესპანეთის და საქართველოსი) ჰქონდეს, ესპანეთის სპეციალური თანხმობის მიღება დასჭირდება, რადგან საქართველო არ შედის იმ ქვეყნების სიაში, რომელბთანაც ესპანეთს ორმაგი მოქალაქეობა ავტომატურად აქვს დაშვებული.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია გერმანიაშია დაბადებული, 15 წლის ასაკიდან კი ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს. 27 წლის მებრძოლმა თებერვალში გამართულ სატიტულო ბრძოლაში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქამრის მფლობელი გახდა. ილია პირველი ქართველი და ამავდროულად, პირველი ესპანელია, ვინც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა.

აშშ-იდან ესპანეთში ტრიუმფით დაბრუნებულ ილია თოფურიას ესპანეთის მთავრობის მეთაურმა პედრო სანჩესმა მონკლოას სასახლეში უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრი მებრძოლს დაპირდა, რომ მისი მოქალაქეობის უმოკლედ დროში საკითხს მოაგვარდებდა.

 

 

ასევე იხილეთ