ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო თუ ჯერ არ გინახავთ, ის კარგად მომზადებული, ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი ნაკრებია
ერთა ლიგის B დივიზიონში ალბანეთთან შეხვედრამდე ტირანას „ეარ ალბანია არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ საქართველოსთან მოახლოებული შეხვედრაზე ისაუბრა.
„ამ ჯგუფში ყველაფერია მოსალოდნელი. უკრაინა და ჩეხეთი ძალიან ძლიერი გუნდებია, ხოლო საქართველო თუ ჯერ არ გინახავთ, ის კარგად მომზადებული, ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი ნაკრებია. მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც ბევრი იშრომა.
ყველა მწვრთნელი გუნდს გამარჯვებისთვის ამზადებს. ვფიქრობ, ხვალ ძალიან კარგი მატჩი გველის, მოწინააღმდეგემ იცის, რომ მაღალი ინტენსივობის თამაში იქნება. ჩვენ კი თუ გვსურს შედეგს მივაღწიოთ, მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ. საქართველო ძალიან კარგი ევროპული დონის ნაკრებია, თუმცა, ვფიქრობ, მათ წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშებთ.
საქართველოს ნაკრებს კვარაცხელიას გარდა უმაღლესი დონის კიდევ 4-5 შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა გვარების გამოთქმა მიჭირს და არ დავასახელებ. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ, ამავე დროს, ძალიან ტექნიკურები არიან. მათ წინააღმდეგ თამაში სასიამოვნოა. ჩვენც გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ამ დონეზე ასპარეზობას მომავალში შეძლებენ“, – განაცხადა სილვინიომ.
ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ.