უნგრეთი ეწინააღმდეგება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მესამედს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია მხარი დაუჭიროს თუ არა მარკ რუტეს, რომელსაც აშშ უჭერს მხარს. ამავდროულად, რუტე ბუდაპეშტის ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკოსია.
“ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანის ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას, რომელსაც ადრე უნგრეთის დაჩოქება სურდა”, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, რომელმაც გაიხსენა 2021 წლის ეპიზოდი, როდესაც რუტემ დაგმო უნგრეთში მიღებული ლგბტ თემის საწინააღმდეგო კანონმდებლობა.