ავსტრია ქვეყანაში არ მიიღებს იმ ადამიანებს, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მიცემაზე უარს ეტყვიან
„ავსტრია ქვეყანაში არ მიიღებს იმ ადამიანებს, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მიცემაზე უარს ეტყვიან”, – ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერჰარდ კარნერმა განაცხადა.
ამის შესახებ კარნერმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ გერმანია სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო კონტროლს დროებით აღადგენს.
„ჩვენ არ გვაქვს მანევრირების საშუალება. ასეთია კანონი“, – განაცხადა კარნერმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, საზღვრიდან უკან არ უნდა დაბრუნდნენ. ეს შეიძლება, მოხდეს მხოლოდ ევროკავშირის შესაბამისი წევრი ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში.
ცნობისთვის, გერმანია სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო კონტროლს დროებით აღადგენს. როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეიზერმა განაცხადა, სასაზღვრო კონტროლი 16 სექტემბრიდან დაიწყება და თავდაპირველად ექვს თვეს გაგრძელდება. ამ გადაწყვეტილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა და საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება.