ალბანეთის ნაკრების ნახევარმცველი: კვარაცხელია ძალიან ძლიერი მოთამაშეა და „ნაპოლიში“ გამოირჩევა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ და ფრთხილად ვიქნებით
ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ.
ტირანას „ეარ ალბანია არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ 22 წლის ნახევარმცველმა, კრისტიან ასლანმა ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ორივე გუნდმა ერთა ლიგა გამარჯვებით დავიწყეთ, ქართველებმა ჩეხეთთან დიდი ანგარიშით მოიგეს. გვიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ყველა ბილეთები გაიყიდა და გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე ვითამაშებთ.
საქართველო მზარდი გუნდია. ეს ჩვენ კარგად ვიცით და ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. უკრაინასთან მატჩი უკვე დავივიწყეთ და ახლა საქართველოსთან შეხვედრაზე ვფიქრობთ. ყველამ ვიცით, მოსაგებად რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი გამარჯვება და გულშემატკივრის გახარებაა.
გუნდში ჩემი დებიუტიდან ორი წელი გავიდა. 2024 წელი ალბანელიებისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ვფიქრობ, ჩვენ კარგად ვიმუშავეთ და ალბანეთის ნაკრების დონე საგრძნობლად ავწიეთ. თუმცა კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია.
ძლიერ ჯგუფში ვართ. მაგალითად, საქართველო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ჩეხეთიც სერიოზული გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა. ალბანეთის ნაკრებში უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე „ინტერში“, რადგან წინ ვთამაშობ და საგოლე მომენტების შექმნა შემიძლია. კართან თამაში უფრო ადვილია. იმედი მაქვს, ხვალ ქომაგი ბევრ გოლს იხილავს.
საქართველოს ნაკრები იზრდება და ეს ევროპის ჩემპიონატზეც ვნახეთ, სადაც ძალიან კარგად გამოვიდა. კვარაცხელია კი ძალიან ძლიერი მოთამაშეა და „ნაპოლიში“ გამოირჩევა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ და ფრთხილად ვიქნებით“, – განაცხადა კრისტიან ასლანმა.