leaderboard_below_slide
left_sabechdi

ცესკო: ხელოვნურად ორგანიზებული საჩივრების გზით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებული მანიპულაციური კამპანია გრძელდება

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივი საზრუნავი ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, იმ საფრთხეებზე და ტენდენციებზე საუბარი, რაც უკვე გამოიკვეთა ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებულ ქმედებებში. საინტერესოა, რომ ეს ქმედებები ზუსტად იმეორებს 2020 წლის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას, რაც ითვალისწინებს პროცედურული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო ადმინისტრაციის და აქედან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს დაზიანებას.

როგორც დღეს ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა,  ამჯერად, საქმე ეხება ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევის სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივად გასაჩივრების ორგანიზებულ პროცესს.

„გუშინ, 9 სექტემბერს 15 თითქმის ერთი და იმავე შინაარსის საჩივარი შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ ოლქების დასახელებით და ხელმომწერი პირებით განსხვავდება.  ცხადია, ასეთი ორგანიზებული გასაჩივრების მიზანია, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები საარჩევნო კომისიების არჩეული პირების მიკერძოებაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ წინასწარ აცნობა საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, საჩივრების რაოდენობის ხელოვნური ზრდით, ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს და ამით შეირყეს არჩევნებისადმი ნდობა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას, ისევ ამ პროცესის დისკრედიტაციის გზა აირჩია და ამ გზაზე საკუთარ სამიზნედ უკვე მერამდენედ ამოირჩია საარჩევნო ადმინისტრაცია. არადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ადმინისტრირებული იყოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ცხადია, ჩვენ ყველა საჩივარს განვიხილავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამომრჩევლის და ჩართული მხარეების ინფორმირებას იმ გამოწვევებზე და ტენდენციებზე, რამაც შეიძლება საარჩევნო პროცესის დაზიანება გამოიწვიოს. შევახსენებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებაზე, იმგვარად, რომ  პატივი ვცეთ ამომრჩევლის საუკეთესო ინტერესებს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ასევე იხილეთ