შალვა პაპუაშვილი: ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ის, რაც გვეგონა გვერდით დგომა, სინამდვილეში ყოფილა დამადლებული დახმარება, ქართველ ხალხს თავად შეუძლია, იზრუნოს საკუთარ ინტერესებზე
ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება, სამწუხაროდ, დავინახეთ ბოლო პერიოდში, რომ ის, რაც ჩვენ გვეგონა გვერდში დგომა, სინამდვილეში ყოფილა დამადლებული დახმარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს არაფერი აქვს არავისგან დასამადლებელი.
„შეიქმნება სახელმწიფო ფონდი, რომელიც დააფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს. დღემდე არ არსებობდა არანაირი აღრიცხვა, რეესტრი, რა თანხები ტრიალებს ამ სექტორში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რა თანხებიც მიემართება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სხვადასხვა ჯგუფების ხელშეწყობა, ამაზე მეტი თანხა გაიღება სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის, რაც ითქვა და ზუსტად ამისკენ ვართ ჩვენ მოწოდებული. ჩვენ არავის დამადლებული დახმარება არ გვჭირდება, დავინახეთ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, ის რაც ჩვენ გვეგონა გვერდში დგომა, სინამდვილეში ყოფილა დამადლებული დახმარება. ქართველ ხალხს არაფერი აქვს არავისგან დასამადლებელი. ამიტომ, ქართველ ხალხს თავად შეუძლია, იზრუნოს საკუთარ ინტერესებზე, მათ შორის ყველა ეს მიმართულება ჩვენი ბიუჯეტის მეშვეობით დაფინანსდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა: „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნებთ საგრანტო პროგრამას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“.