ირაკლი კირცხალია: მინიმუმ სამართლებრივი დარღვევაა, როდესაც შენი ოპონენტის ბანერს ხევ და დაკავებული ხარ ვანდალიზმით
“მინიმუმ სამართლებრივი დარღვევაა, როდესაც მიდიხარ და სხვის ბანერებს, შენი ოპონენტის, მოწინააღმდეგე ძალის ბანერს ხევ და ხარ დაკავებული ვანდალიზმით”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ეს ქმედებები კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეცადინეობის ფონია, რომლითაც ისინი ახალ თაობას ატრენინგებენ.
„ზოგადად, ფაქტი, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ, ვანდალიზმის ფაქტი არის გამოძახილი მათი ფიზიკური, სულიერი მდგომარეობის, პოლარიზაციის, ლიბელარული ფაშიზმის, შეურაცხმყოფელი ენის, რიტორიკის, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აღვივებს თავიანთ აქტივისტებში და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას ასე, ამით ატრენინგებენ.
ეს ქმედება მინიმუმ სამართლებრივი დარღვევაა, როდესაც მიდიხარ და სხვის ბანერებს, შენი ოპონენტის, მოწინააღმდეგე ძალის ბანერს ხევ და ხარ დაკავებული ვანდალიზმით. რაც არ უნდა ნიღბონ ეს ყველაფერი, რომ ეს იყო უბრალო ბავშვების ემოციების ფონი, არა მეგობრებო, ეს იყო სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეცადინეობის ფონი, როგორც ამეცადინებენ თავიანთ აქტივისტებს. ეს არის სამართლებრივი დარღვევა და მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც ოპერირებენ ქვეყანაში და რომლებიც იწყებენ ოპერირებას, რომ ნათლად და ობიექტურად შეაფასონ არა მხოლოდ ეს, არამედ ბევრი სხვა ფაქტი“,– აღნიშნა კირცხალიამ.
მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო დამკვირვებლებზეც.
„როდესაც ჩვენ 2020 წლის ISFED გვახსოვს, რომელიც USAID-დან ფინანსდებოდა. როდესაც მათი პირდაპირ გაყალბებული „პივიტი“ ვიხილეთ. როდესაც ასეთი ფაქტები გვაქვს და თან თვითონაც არ უღიარებიათ, ვამხილეთ და ამ ყველაფრის მერე მოუწიათ აღიარება, როგორ შეიძლება ასეთი ორგანიზაციების მხრიდან ჩვენ გვქონდეს რაიმე ობიექტურობის განცდა და იმედი?!“, – განაცხადა კირცხალიამ.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გვარამია-მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართული ოცნების“ პლაკატებს ხევენ და ანადგურებენ.