გენო პეტრიაშვილი: გულშემატკივარს ბევრი ემოცია შევძინე, ახლაც ვეცდები, ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს
„ვეცდები, გუნდთან ერთად, პარლამენტში ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, დევნილებისთვის, ჩემი ქალაქელებისთვის და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომრად წარდგენილმა გენო პეტრიაშვილმა წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჩვენი გზა არის მხოლოდ ევროპაში, მშვიდობით და ღირსებით.
„პირველ რიგში, მე, როგორც გენო პეტრიაშვილმა, ძალიან ბევრი ემოცია შევძინე ჩემს გულშემატკივარს, რაც შემეძლო. ახლაც ვეცდები, ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს. თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. პარლამენტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ. ვეცდები, გუნდთან ერთად ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, დევნილებისთვის, ჩემი ქალაქელებისთვის და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გზა არის მხოლოდ ევროპაში, მშვიდობით, ღირსებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დიდი სიყვარული ჩემგან“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება სპორტში საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, პეტრიაშვილის თქმით, სპორტში დარჩენას გეგმავს.
„სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის, ყოველთვის იქნება. უბრალოდ, ახლა დრო დამჭირდება, რომ ტრავმები მოვიშუშო, მაგრამ ვრჩები სპორტში, ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან, უსაყვარლეს საქმიანობასთან ერთად“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.