10 მარტს ფლორიდაში, მაიამიში შონ ო’მალისა და მარლონ ვერას შორის UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაა დაგეგმილი.
ღონისძიებას მერაბ დვალიშვილიც დაესწრება. ის მანამდე წონას დაიკლებს და თუ რომელიმე მებრძოლი რაიმე მიზეზის გამო ბრძოლას ჩაეხსნება, მას ქართველი შეცვლის და ჩემპიონობის შანსი ექნება.
დვალიშვილის უკანასკნელი ბრძოლა 17 დღის წინ იყო, მერაბმა UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
UFC 298-ის დასრულების შემდეგ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა აუცილებლად საჩემპიონო იქნება.
ამ მომენტისთვის UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 29 წლის შონ ო’მალია და 10 მარტს ის პირველად შეეცდება თავისი ქამრის დაცვას.