ვილი სანიოლი: ალბანეთთან გამარჯვება დავიმსახურეთ – ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა…
ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა და გამარჯვების მიზეზები დაასახელა.
„ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა. პირველი ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად, მაგრამ კარგი საუბარი გვქონდა მოთამაშეებთან. ვეცადეთ, გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.
პირველ ტაიმში მიღებული დარტყმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩი ძლიერი ტკივილით ითამაშა. სურდა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო მოედანზე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი და შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ბოლო 15-20 წუთი მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა, ამიტომ, თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა.
B ლიგაში ყველა თამაში რთულია. ოქტომბრის მატჩებამდე ოთხი კვირაა, ფეხბურთელები კლუბებში ბრუნდებიან და მსურს, რომ მომდევნო თამაშებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. ჩვენთვის თითოეული მოთამაშე მნიშვნელოვანია. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს გუნდში, წარმატებული თამაშის გაგრძელებას მხოლოდ ასე შევძლებთ.
ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ბევრი რამ ისწავლეს. ჩეხეთთან მატჩთან შედარებით, დღევანდელი შეხვედრა ბევრად რთული იყო. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, სწორედ ასეთი თამაშები გვასწავლის, რა გვაქვს გამოსასწორებელი“, – ამბობს ვილი სანიოლი.