„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გააქტიურების შესახებ, რომელიც თითქოსდა პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„თქვენ ნახეთ, როგორი ოცეული იყო წარმოდგენილი. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელ კრიზისზე ვსაუბრობთ?! კრიზისი ვისაც აქვს, კი ხედავთ. სექტემბერში რაღაც საცურაო აუზები დადგეს და ამით მოაქვთ თავი. ალბათ ზამთარში წყალსაც ჩაუსხამენ ბავშვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე გამორიცხა სამომავლოდ კოალიციის შექმნის საჭიროება.
„დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე. „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად, არანაირი კოალიციის საჭიროება არ იქნება. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – აღნიშნა კალაძემ.