ირაკლი კობახიძე: სატელევიზიო დებატები ჩემთვის პრობლემა არ არის, ოპოზიციას იმდენად არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ
„სატელევიზიო დებატები ჩემთვის პრობლემა არ არის, არავითარი სირთულე არ არის, ოპოზიციას იმდენად არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე, ოპოზიციას ექვსჯერ ჰქონდა შანსი, რომ გამართულიყო საპარლამენტო დებატები, თუმცა ექვსივეჯერ გაექცნენ.
„დებატებში არავითარ პრობლემას არ ვხედავ, პირიქით ისინი გაურბიან დებატებს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას კონსტიტუცია არ აძლევს უფლებას, რომ საერთოდ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში. ის ამ შემთხვევაშიც არღვევს კონსტიტუციას, მათთან დებატებს არავითარი არც ფასი აქვს, არც სირთულე აქვს, რაღაც დებატები უნდა იყოს ცოტა რთული მაინც, იმისათვის, რომ იქ მონაწილეობა ღირდეს.
ჩვენი დღევანდელი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამ პირობებში ხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს არავითარი შანსი არ აქვს. მთელ ოპოზიციას, ვინც დღეს ლახავს ბარიერს, აქვს 20 პროცენტამდე. 60/20-ზე თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ რა შანსები აქვს სალომე ზურაბიშვილს რომ არჩეული იყოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ის „ნაცმოძრაობამ“ დატოვა პრეზიდენტის პოსტზე, მას შემდეგ, რაც მან დაარღვია კონსტიტუცია, არის დღეს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მეორედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი ვერ გახდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, დაჯდება თუ არა ოპოზიციასთან დებატებში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თავად მზად არის, თუმცა ოპოზიცია გაურბის დებატებს.
„პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე, მათ ჰქონდათ შანსი თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, შემდეგ იყო ივნისი, ახლა არის უკვე სექტემბერი. ექვსჯერ ჰქონდათ შანსი, რომ ჩემთან გამართულიყო საპარლამენტო დებატები, ექვსივეჯერ გაექცნენ. რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, კი ბატონო, ჩემთვის არავითარი პრობლემა არ არის, არავითარი სირთულე არ არის, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ“, – განაცხადა პრემიერმა.