leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის ეკლესია და საფუძველი იმისა, რომ საბოლოოდ სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული

„ერთი სიტყვა ძალიან ბევრ რამეს ცვლის კონსტიტუციაში და ეკლესიის წარმომადგენლებმა ძალიან სერიოზული ინიციატივა დააყენეს იმის შესახებ, რომ „თანამედროვეობაში“ ჩაიწეროს. მარტო ამ სიტყვისთვის ღირს, იმიტომ, რომ ისტორია და მხოლოდ წარსული კი არ არის, რეტრო პერსპექტივაში კი არ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, არამედ თანამედროვეობაში და როდესაც ადამიანი, ქართველი, საქართველოს მოქალაქე წაიკითხავს კონსტიტუციას, მან უნდა იცოდეს, რომ არა მხოლოდ წარსულში, ისტორიული მოცემულობა კი არ არის, არამედ ეს არის თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში”ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ გახდა საჭირო კონსტიტუციაში ცვლილება ეკლესიის გასაძლიერებლად, მაშინ როცა კონსტიტუციაში უკვე წერია „აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში“.

მისივე თქმით, ეკლესია და მართლმადიდებლობა ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა შედგეს და საბოლოოდ სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული.

„ეკლესიის როლის გაძლიერება მხოლოდ და მხოლოდ განამტკიცებს ეკლესიის როლს, მათ შორის, წარსულსა და თანამედროვეობაში და ამ როლის გაძლიერება სჭირდება ქართულ ეკლესიას, მართლმადიდებლურ ქრისტიანობას და ქართულ სახელმწიფოს, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვიტყვით და ვამბობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა შედგეს და საბოლოოდ სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული, ეკლესიის როლი ამაში არის გადამწყვეტი, იდენტობის შენარჩუნების საქმეში ეკლესიის როლი არის გადამწყვეტი და რატომ ხდება, რომ აგენტურა მუდმივად ებრძვის, ეკლესია არის მათი დარტყმის მთავარი ობიექტი ყოველთვის. კარგი და ცუდი ყველგან არის, ერშიც და ბერშიც, მათ შორის, ეს უნდა ვაღიაროთ, თუკი სადმე რაიმე გადაცდომა შეიძლება ჰქონდეს ვიღაცას, გამოეკიდებიან ბოლომდე და საპირისპიროდ ერთ კარგ სიუჟეტს არ გააკეთებენ ხოლმე. მაგრამ 99%-ს აბრალებენ ისეთ საშინელებებს და ილაშქრებენ მათ წინააღმდეგ, რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის ეკლესია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ