გიორგი იაკობაშვილი: კობა ბექაურს შეუძლია, დავით კირკიტაძეს შეუძლია, ლევან ხაბეიშვილს შეუძლია… აი, ლაშა ტალახაძეს ეკრძალება!!! რატომ?
„ვინ ვართ ჩვენ, რომ 30 წელს გადაცილებულ ზრდასრულ ორ მამაკაცს ცხოვრება დავუგეგმოთ და ვუკარნახოთ… ვუკარნახოთ კი არა, კატეგორიულად მოვთხოვოთ, რომ ამა თუ იმ საქმიანობას მიჰყონ ხელი“, – ასე ეხმიანება საინფორმაციო სააგენტო For.ge-ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის დასახელების გამო გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობას.
„მართალი გითხრათ, მეც მერჩია, რომ ლაშა ტალახაძეს მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოეპოვებინა, ხოლო გენო პეტრიაშვილს კიდევ ერთხელ ვესახელებინეთ, მაგრამ, ერთი, მათაც ვკითხოთ: შეუძლიათ?
ორ კვირაში რომ იმართებოდეს ოლიმპიადა, კიდევ – ჰო, მაგრამ, ოთხი წელი?!
ვკითხოთ, იქნებ, აღარ შეუძლიათ? იქნებ, ჯანმრთელობაც აღარ უწყობთ ხელს? იქნებ, დაიღალნენ?
აქ, ფეისბუქზე, ხალხს რამდენიმე სიტყვის აკრეფა ეზარება, ეზარება აკრიფოს ერთი სიტყვა – „გილოცავ“ და ერთმანეთს გიფებს და სმაილებს უგზავნიან, იმან კი, 25 წელი რომ წევდა 250 კილოს, კიდევ 4 წელი გააგრძელოს არა – ჭამა, არა – სმა, არა – ოჯახი, სულ ცოტა თავისუფალი დრო და ისიც, უცხო ქალაქის არცთუ კომფორტული სასტუმროს ჰოლში, დივანზე…
ვინ ვარ მე, რომ მათ ეს მოვთხოვო: „აბა, ბიჭებო, 4 წელიც მოითმინეთ, სანამ ავთანდილოვიჩი მოვა“.
მოკლედ, თავისი საქმე თვითონ იციან, თავის ცხოვრებას თვითონ წარმართავენ, გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და გუშინ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, მანამდე, მთელი კარიერის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების გამო კი, მადლობა ვუთხრათ.
მაგ ბიჭებმა უამრავჯერ გაგვახარეს და, აბა, მითხარით, რამდენჯერ გაგვიხარებია ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანა?
ეს – რაც შეეხება კარიერის დასრულებას.
რაც შეეხება მომავალ საქმიანობას… ჰო, რა ვიცი, შესაძლოა, კარგი მწვრთნელები ან კარგი სპორტული ფუნქციონერები დამდგარიყვნენ…
შესაძლოა… ან, შესაძლოა, არც ყოფილიყო ასე. თვითონ უკეთ იციან. ვინ ვართ ჩვენ, რომ 30 წელს გადაცილებულ ზრდასრულ ორ მამაკაცს ცხოვრება დავუგეგმოთ და ვუკარნახოთ… ვუკარნახოთ კი არა, კატეგორიულად მოვთხოვოთ, რომ ამა თუ იმ საქმიანობას მიჰყონ ხელი.
ფბ-მეგობრებში საქმიანობად რამდენს უწერია „ციფრული კონტენტის ავტორი“ და „გავლენის მენეჯერი“ თუ რაღაც ამდაგვარი სისულელე!
ასე რომ, მათი საქმეა, როდის დაასრულებენ სპორტულ კარიერას და მათი საქმეა, რას გააკეთებენ მომავალში.
აგერ – პელე ბრაზილიის სპორტის მინისტრი იყო, შვარცენეგერი – კალიფორნიის გუბერნატორი, ფრენკ ზაპპა კი, ცხოვრების ბოლომდე „წამალზე“ იჯდა.
რაც შეეხება პოლიტიკას: მოდით, ახლავე განვსაზღვროთ და დავაკანონოთ, რა პროფესიის ადამიანები უნდა ისხდნენ პარლამენტში და რომელი პროფესიის ადამიანებს ეკრძალებათ პოლიტიკაში ყოფნა. ისე, მაგალითებიც მოვიყვანოთ, გავიხსენოთ.
კობა ბექაურს შეუძლია, დავით კირკიტაძეს შეუძლია, ლევან ხაბეიშვილს შეუძლია…
აი, ლაშა ტალახაძეს უფლება არ აქვს. ეკრძალება!!!
რატომ? რა ლოგიკით?
ამიხსენით, დამისაბუთეთ, დამარწმუნეთ, რომ ისინი არიან უვიცები, როგორც დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი, გარეწრობაში კი თვით გიგი უგულავასაც არ ჩამოუვარდებიან.
ერთი – თეონა აქუბარდიაა უსაფრთხოების ექსპერტი და მეორე, საბა ბუაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
და, საერთოდ, რას წარმოადგენენ ანი წითლიძე და პაატა მანჯგალაძე?
კი, ზურაბ ადეიშვილი ნამდვილად იურისტია და მის მიერ შექმნილ კანონთა კრებულს მსხვილი შრიფტით აწერია „ყველანი ციხეში“, – წერს გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში.