ანრი ოხანაშვილი: ნიკოლოზ მარსაგიშვილს აქვს პროფესიით მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება, 16 წელი მოსამართლედ მუშაობის სტაჟი და შესაბამისად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ მისი არჩევა მიზანშეწონილია შესაბამის პოზიციაზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.
როგორც ოხანაშვილი აცხადებს, ოპოზიციის მხარეს არგუმენტები არ არის და ამიტომ არიდებენ თავს პროცესში მონაწილეობას.
„სამწუხაროა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც კამერების წინ არის მაკრიტიკებელი ქართული სასამართლო სისტემის, არ იღებდა მონაწილეობას ამ [არჩევის] პროცესში. თუმცა ამას არ აკეთებენ ისინი შინაარსობრივი საკითხების განხილვის დროს, რადგან იციან, რომ მათ მხარეს არგუმენტები არ არის. ბატონ ნიკოლოზ მარსაგიშვილს აქვს პროფესიით მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება, 25-წლიანი მუშაობის სტაჟი, აქედან 16 წელი მოსამართლედ მუშაობის სტაჟი და შესაბამისად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ მისი არჩევა მიზანშეწონილია შესაბამის პოზიციაზე“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილს მხარი დაუჭირა.