მირიან ყარაულაშვილი: 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის დიქტატურასა და დემოკრატიას შორის არჩევანი, როგორც ეს გიგაურს სურს!

„პირადად ჩემი აზრით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის დიქტატურასა და დემოკრატიას შორის არჩევანი, როგორც ეს გიგაურს სურს, რომ მისი გამოსვლიდან შეექმნას ასეთი შთაბეჭდილება მსმენელსა და წამკითხველს. ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, რომლებიც განაგრძობენ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზას”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი წერს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნა, რომ „სუვერენიტეტისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ”.

„დღეს, 12 სექტემბერს, ეკა გიგაურის გამოსვლა აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, კვლავ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მიზანმიმართულია მისი მცდელობა, საერთაშორისო ზეწოლა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებაზე.

მისი განცხადებები, თითქოს „რუსული კანონი” -ს მიღება ამკვიდრებს ავტორიტარიზმს საქართველოში, განსაკუთრებით მიკერძოებული და დეზინფორმატიულია.

ყველამ უკვე კარგად ვიცით, რომ ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” არის და იგი არსებითად ემთხვევა ამერიკულ კანონს, ე.წ. FARA-ს, რომელიც აშშ-ში წლების მანძილზე წარმატებით მოქმედებს.

არსებითად გაუგებარია, თუმცა მე კარგად მესმის, თუ რატომ ცდილობს გიგაური ამ კანონის დამახინჯებულად წარმოჩენას, თითქოს საქართველო რუსეთის გზაზეა. ეს კანონი არ გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, არამედ საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და მისი მიზანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ საიდან მოდის უცხოური დაფინანსება, რაც, წესით, დასავლური ღირებულებებისთვის მისაღები და საჭირო უნდა იყოს.

ამასთანავე, ფაქტია, რომ ეკა გიგაური 12 წელიწადზე მეტია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელობს. არადა, არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი პრინციპი ხომ მათი ხელმძღვანელების რეგულარული როტაცია უნდა იყოს? ასეთი სტრუქტურების დემოკრატიულობა და დამოუკიდებლობა სწორედ მმართველობის განახლებით და ახალი ლიდერების მოზიდვით მიიღწევა, რაც კიდევ უფრო მეტად აჩვენებს ორგანიზაციის ღიაობასა და გამჭვირვალობას.

პირადად ჩემი აზრით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის დიქტატურასა და დემოკრატიას შორის არჩევანი, როგორც ეს გიგაურს სურს, რომ მისი გამოსვლიდან შეექმნას ასეთი შთაბეჭდილება მსმენელსა და წამკითხველს. ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, რომლებიც განაგრძობენ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზას.

ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველვყოთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, და ამ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს დეზინფორმაციამ და განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობებმა, იქნება ეს რუსთაველზე გამართული მიტინგი, თუ აშშ სენატის კომიტეტის სხდომაზე გაჟღერებული პასკვილი!

ესაა სულ!“ – წერს მირიან ყარაულაშვილი. 

ასევე იხილეთ