„ჯინ შაჰინმა თქვა, რომ თითქოს ჩვენ მოვითხოვეთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსების შეწყვეტა, რაც არის წმინდა წყლის ტყუილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ითხოვენ დეპოლარიზაციას, არ შეიძლება, ქვეყნის გარედან საქართველოში ფინანსდებოდეს პოლარიზაცია და რადიკალიზმი.
„ჯინ შაჰინმა თქვა ტყუილი. მან თქვა ასეთი რამ, რომ თითქოს ჩვენ მოვითხოვეთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსების შეწყვეტა, რაც არის წმინდა წყლის ტყუილი. იქ საუბარი იყო ერთ რამეზე, რომ როდესაც ჩვენ გვთხოვენ დეპოლარიზაციას, არ შეიძლება ამერიკული ფულით საქართველოში ფინანსდებოდეს რადიკალიზმი და პოლარიზაცია. ამასთან დაკავშირებით ჩაკითხვაც მოვისმინეთ არა შაჰინის, არამედ კონგრესმენის მხრიდან, რომ ვგულისხმობდით თუ არა ჩვენ კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტას, რაზეც მე დავაკონკრეტე, ეს უნდა ახსოვდეს მას, რომ არ იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტა, არამედ იგულისხმებოდა პოლარიზაციის და რადიკალიზმის დაფინანსება. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს საქართველოში პოლარიზაცია და რადიკალიზმი. როგორც აღვნიშნე, ჩაკითხვაც იყო და ამაზე დავაზუსტე, რომ კრიტიკა არ იგულისხმებოდა. როდესაც ამის შემდეგ სენატორი კადრულობს ასეთ ტყუილს და შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის სენატს, ამ უძვირფასეს ინსტიტუტს, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხარო, პირადად ჩემთვის“, – განაცხადა პრემიერმა.