ლევან მაჭავარიანი: ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა – კარგად გვახსოვს 2012 წლიდან მოყოლებული რიში ისევე, როგორც კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი და ფოტიგა „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე “იჯდნენ” და მათ მესიჯბოქსს აჟღერებდნენ
“ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა – კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ბატონი რიში, ისევე როგორც კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი და ფოტიგა ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივზე “იჯდნენ” და მათ მესიჯბოქსს აჟღერებდნენ”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე საუბრისას გააკეთა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია გზავნილები, რომელიც თავიდან ბოლომდე ტყუილზეა დაფუძნებული.
მაჭავარიანის შეფასებით, „მათი ინტერესია საქართველოს მოსახლეობა ტყუილში და შებრუნებულ რეალობაში აცხოვრონ“.
„ბატონმა რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა, თუმცა 100%-ით ვეთანხმები, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართულ პილიტიკას ყველა ვიგინდარა მოსცილდება და როგორც დავაანონსეთ, არჩევნების შემდეგ მათი გასამართლების პროცესი დაიწყება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
სენატში გამართულ განხილვაზე საუბრისას მაჭავარიანმა ისიც აღნიშნა, რომ „წინასაარჩევნოდ რადიკალური ძალების დღის წესრიგი აგებულია არა მოსახლეობასთან, არამედ უცხოელებთან შეხვედრებზე“.
„რადიკალური ძალები ქვეყნის მტრები არიან – ჩვენ მათ უსამშობლოებს ტყუილად არ ვეძახით. ისინი 100%-ით უცხოეთიდან იმართებიან. მათ უნდა ისაუბრონ ის, რასაც დაავალებენ. შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდებიან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.