დიმიტრი პესკოვი: კრემლს ეჭვი არ ეპარება, რომ პუტინის განცხადება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმების შესაძლო შედეგების შესახებ ადრესატებამდე მივიდა

“კრემლს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმების შესაძლო შედეგების შესახებ ადრესატებამდე მივიდა”, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ განცხადებამ ადრესატებამდე მიაღწია“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, პუტინის სიტყვები გამორიცხავს რაიმე არასწორ ინტერპრეტირებას.

„პუტინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. ის არის უკიდურესად მკაფიო, ცალსახა და არ უშვებს არანაირ ორმაგ განმარტებას“, – აღნიშნა პესკოვმა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თუ დართავენ ნებას, დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განახორციელონ დარტყმები, ეს ნიშნავს ნატო-ს, აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების პირდაპირ მონაწილეობას ომში. მისი თქმით, ეს არსებითად ცვლის კონფლიქტის არსს.

„ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ ნატო-ს ქვეყნები, აშშ, ევროპული ქვეყნები ომობენ რუსეთთან და თუ ასეა, მაშინ, ამ კონფლიქტის არსის ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს შექმნილი საფრთხეებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე იხილეთ