ვლადიმერ მამუჩაშვილი: ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთს მიღმა ძალიან უბრალო ადამიანია
ტირასპოლის „შერფის“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა კლუბთან ადაპტაციაზე, „ჯვაროსნებსა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„ორი მატჩი უკვე ჩავატარე. მოლდოვაში საქართველოსგან ცოტა განსხვავებული თამაშის სტილი და სისტემაა. დრო მჭირდება, ფორმაში რომ შევიდე და გუნდის სათამაშო სტილს შევეჩვიო. აქაური ჩემპიონატი, საქართველოსგან განსხვავებით, უფრო ათლეტურია.
ვერ ვიტყვი, რომ სისწრაფე ჩვენზე მაღალია, მაგრამ უფრო მეტი ფიზიკური ორთაბრძოლაა. თვალში ისიც მომხვდა, რომ თამაშის დროს ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის მეტი დრო გვაქვს, ვიდრე საქართველოში – ჩვენთან მეტოქეები უფრო მჭიდროდ თამაშობენ და უფრო ტექნიკურები არიან.
როგორი ფეხბურთი მიყვარს? როდესაც ჩვენი გუნდი დომინირებს, მაღალი პრესინგით თამაშობს. რაც ყველაზე მეტად მომწონს, ბურთის კონტროლია. ბავშვობიდანვე საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ აკადემიაში ამას გვაჩვევდნენ.
გერმანიაში გამართულ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების განაცხადში ვერ მოვხდი? არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ცხადია, რომ დღეს საქართველოს ნაკრებში ძალიან მაღალი კონკურენციაა და ევროპის ტოპ ლიგებიდან ბევრი მოთამაშეა.
ნაკრების რომელ ფეხბურთელთან მაქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა? ყველასთან ვურთიერთობ, მაგრამ ყველაზე ახლობლები არიან დავითაშვილი, კვარაცხელია, ალთუნაშვილი.
როგორია კვარაცხელია ფეხბურთს მიღმა? ის უბრალო ადამიანია და მასთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. შესაძლოა, ვერც მიხვდე, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელთან გაქვს საქმე. მას შეუძლია, დაგირეკოს, დაგელაპარაკოს, ან მოგილოცოს იმ დროს, როცა ამას არ ელოდები. ამას გარდა, კარგად ხუმრობს და ხუმრობები თავადაც ესმის“, – განაცხადა მამუჩაშვილმა.