leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, დღეს ჩვენი ქვეყანა არა უსიტყვო მორჩილებით, არამედ ღირსებითა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს

„12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით ვთქვი, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იყო, თუმცა, მეზობლებს ვერ ავარჩევდით და ამიტომ, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა! მე დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და დღეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით, აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გორში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

„ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლება, გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს ჩვენი ქვეყანა არა უსიტყვო მორჩილებით, არამედ ღირსებითა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს!”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი მოსაგვარებელი საკითხი დარჩა, შესაბამისად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად გაგრძელდება.

ასევე ივანიშვილმა კიდევ ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

„კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად გაგრძელდება. თუმცა, დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა საგანგებო გამოწვევების წინაშე დგას. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ გარე დაკვეთით მოქმედ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შესაძლებლობას მივცემთ და მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ. დღეს ოპოზიცია ეწოდება ომის პარტიას, რომელიც ქვეყნის საზიანო ნებისმიერ დავალებაზეა ხელის მომწერი, ხოლო მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. ასეთ პირობებში, ჩვენს გუნდს საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს და ჩვენ გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა, ჩვენი ამოცანა არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. ეს არ არის ჩვენი ახირება. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნის ყველაზე მყარ გრძელვადიან გარანტიას ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისათვის”, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე იხილეთ