ოთარ შამუგია: პრემიერის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს, რაც მნიშვნელოვანია, ვინც ნაკლებ ფასში ჩააბარა საწარმოებს ყურძენი, მათ დაუკომპენსირდებათ ეს თანხა
“თქვენ იცით, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საწარმოთა დაახლოებით ათამდე ლოკაციაზე დაიწყო საფერავის ჯიშის ყურძნის მიღება და მევენახეებს ერთ კილოგრამ ყურძენში გადავუხდით ლარნახევარს. ამავდროულად, რაც მნიშვნელოვანია, ვინც აქამდე უფრო ნაკლებ ფასში ჩააბარა საწარმოებს ყურძენი, მათ დაუკომპენსირდებათ ეს თანხა”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გადაცემა „ქრონიკაში“.
მისივე თქმით, ამის კომპენსირებას მოახდენს ღვინის ეროვნული სააგენტო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების შესაბამისად.
„პროცესს, თუ როგორ განხორციელდება ეს, ამაზე ღვინის სააგენტო აქტიურად მუშაობს და მომავალ კვირას უკვე დეტალურად, ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას მევენახეებს. ჩვენ გვაქვს ვენახის კადასტრი, დავასრულეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქვეყანაში, რომლის მიხედვითაც ჩვენ სრული ინფორმაცია გვაქვს ვენახების შესახებ, ფართობის მფლობელის შესახებ და თითოეული ყურძნის ჩაბარება, პროცესი არის შტაბის მიერ აღრიცხული პროგრამულად.
შტაბს აქვს ინფორმაცია რომელმა მევენახემ რომელი ვენახიდან რა რაოდენობის ყურძენი ჩააბარა და რა ფასად. ეს ყველაფერი პროგრამულად არის აღრიცხული. შესაბამისად, ტექნიკურად ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ შეფერხებას ამ პროცესში მევენახეებისთვის კომპენსაციის გაცემის. დეტალურ პროცედურას, როგორც აღვნიშნე, სააგენტო მომავალ კვირას უკვე გააცნობს საზოგადოებას, მევენახეებს და შემდგომში დაიწყება უკვე კომპენსაციის გაცემა“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ყველანაირი ხარისხის ყურძენი ლარნახევრით სუბსიდირებული, ოთარ შამუგიას თქმით, ბაზარზე, აქამდეც და მომავალშიც, ყურძნის ფასს განსაზღვრავს მნიშვნელოვანწილად ხარისხი.
„მევენახე და ღვინის კომპანია განსაზღვრავენ ყურძნის ხარისხს და შესაბამისად, თანხმდებიან კონკრეტულ ფასზე“, – განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე დეტალურად განმარტა, რატომ გახდა საჭირო დამატებითი სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულიყო.
„წელს, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, გვაქვს რეკორდული მოსავალი. დაახლოებით 300 ათასი ტონა. დღეის მდგომარეობით ორჯერ მეტი საფერავია გადამუშავებული კახეთში ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში. ეს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, გამოწვეულია მოსავლის რაოდენობისგან, მაგრამ, ამავდროულად, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე დადგა საჭიროება ძალიან მოკლე პერიოდში ჩაბარების კონკრეტულად საფერავის ჯიშის ყურძნის. ზოგიერთ ადგილში, რამდენიმე მევენახეს შეექმნა ხარისხის კუთხით პრობლემა. ჩვენი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯგუფი იყო ადგილზე ჩასული და მათი დასკვნით ეს კლიმატური პირობებიდან იყო გამოწვეული. ამიტომ, ძალიან გაიზარდა მოთხოვნა ყოველდღიურად, კონკრეტულად საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარებაზე. აქედან გამომდინარე, დადგა საჭიროება, რომ სახელმწიფო აქტიურად ჩართულიყო ამ პროცესში. ჭარბმა მიწოდებამ გამოიწვია ასევე ის, რომ ფასები შედარებით შემცირდა საწყის პერიოდთან შედარებით. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ათამდე ლოკაციაზე დამატებით შევუქმნათ მევენახეებს შესაძლებლობა და მათ გადავუხადოთ ლარნახევარი.
რაც შეეხება კერძო კომპანიების მიერ პროცესის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ისინი აგრძელებენ ჩვეულებრივად პროცესს და მევენახეებს აქვთ საშუალება, რომ კერძო კომპანიებში ჩააბარონ ყურძენი და იქაც, როგორც აქამდე, ხარისხის მიხედვით ისინი გადაუხდიან შესაბამის თანხას და ვფიქრობ, რომ ეს თანხა იქნებ უფრო მეტი, ვიდრე ლარნახევარი. ჩვენ უკვე დღესაც გვქონდა ამის შესახებ ინფორმაცია და მევენახეები ამ შემთხვევაში მიიღებენ კიდევ უფრო მეტ შემოსავალს“, – დასძინა ოთარ შამუგიამ.