გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის შემდეგ უნდა მოხდეს შერიგება, სხვაგვარად როგორ წარმოგვიდგენია?! ამ ტერიტორიებზე ხომ აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცხოვრონ
“კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ოპოზიციის სურვილი, რომ ისინი არ ემხრობიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მათ საერთოდ არ მიაჩნიათ, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
იგი ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ უნდა შევიდეთ სამხედრო კონფლიქტში. ამას პირდაპირი გზავნილებითაც ამბობენ. მე საზოგადოებას გავახსენებ „ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვებს 2008 წლის ომში, როდესაც ამბობდნენ, რომ რუსეთი აგვისტოს ომში არაფერ შუაშია, თურმე, ეს მხოლოდ ოსები და აფხაზები იყვნენ სამხედრო კონფლიქტში ქართველებთან. გავიხსენოთ, ახლა რომ ტუფლებიდან ხტებიან – რუსეთი ოკუპანტია და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია! სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თვითონ შეუწყვეს ხელი და დღეს ხსენება აღარ ყოფილა რუსეთის, როგორც ოკუპანტის!
როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის შემდეგ უნდა მოხდეს შერიგება, სხვაგვარად როგორ წარმოგვიდგენია?! ამ ტერიტორიებზე ხომ აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცხოვრონ! შერიგების გარეშე ეს ვის წარმოუდგენია?!
რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, რა თქმა უნდა, მან იგულისხმა, თუ კარგად დააკვირდებით, ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ ხელახლა გააღვივა კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან ერთად „ნაცმოძრაობამ“ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ამაზეა სწორედ საუბარი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი“.