ლაშა ტალახაძე: მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის და მიმაჩნია, რომ ჩემპიონები ვიქნებით ისევ იქაც

„მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის და მიმაჩნია, რომ ჩემპიონები ვიქნებით ისევ იქაც”, – განუცხადა „იმედის კვირას“ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა, ლაშა ტალახაძემ.

მან პარტიის მიერ მისი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შესახებ ისაუბრა.

„ბევრი რაღაც კომენტარი იყო, არ ვაქცევ ყურადღებას იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, შინაგანად გული მეტკინება და დამწყდება, მაგრამ არა უშავს. ყველას თავისი გამოხატვის თავისუფლება აქვს. მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე და ნაბიჯი გადავდგი აწ უკვე პოლიტიკაში.

მიმაჩნია, რომ სპორტულ კარიერაში ყველაფერი გავაკეთე, რაც შეეძლო, ერთ ადამიანს გაეკეთებინა. მზად ვარ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. მინდა, ჩემი ეს შესაძლებლობა, ცოდნა მოვახმარო ჩემს ქვეყანას და ვიყო იმ გუნდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოს თავის ღირსებით შეიყვანს ევროპაში და რა თქმა უნდა, ასევე, საქართველოში იქნება მშვიდობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვესაჭიროება. მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, სადაც ჩემი თავი ვიპოვე“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ასევე იხილეთ