ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში რეიტინგით პირველია
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ რეიტინგით საუკეთესო ფეხბურთელია, – ასეთია Sofascore-ს შეფასება.
იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კალიარი“ 4:0 დაამარცხა და 9 ქულით მეორე ადგილზეა. Sofascore-ის რეიტინგით (თამაშების შეფასების საშუალო არითმეტიკულით), ნეაპოლელთა ქართველ ლიდერს 8,28 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავზე წინაა.
მეორე ადგილზეა „ტორინოს“ მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი 7,98 ქულით, ხოლო მესამეზე – „ინტერის“ თავდამსხმელი მარკუს ტურამი (7,83 ქულა). ხუთეულში ასევე შედიან ხვიჩას თანაგუნდელი ალესანდრო ბონჯორნო (7,73) და „უდინეზედან“ ფლორიან ტოვენი (7,73).
მოთამაშეთა საშუალო რეიტინგში მოსახვედრად მოთამაშეებს მატჩების 60%-ში მონაწილეობა უნდა ჰქონდეთ მიღებული.
კვარაცხელიამ „კალიარისთან“ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. Flashscore-მა ხვიჩას 8,6 ქულა დაუწერა, Whoscored-მა – 8,8 ქულა, ხოლო Sofascore-მა – 8,7 ქულა.