leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნუგზარ ფოფხაძე: მთელი საქართველოს „ბებია“!

მთელი საქართველოს „ბებია“, ბევრისთვის – „დეიდა“, ქართული თეატრისა და კინოსთვის – უდიდესი და განუმეორებელი მსახიობი…

მისთვის არსებობდა საყვარელი და უაღრესად ახლობელი, შინაური ადამიანების წრე, რომლებსაც ალერსიანი „იდიოტის“ თიკუნით მიმართავდა. ეს იყო ადამიანური სითბოს უმაღლესი გამოვლინება. (ამ „თვისებით“ დიდ რეზო ლაღიძეს ჰგავდა.)

საბედნიეროდ, მეც ამ წრეს მიმაკუთვნებდა „დეიდა სესილია“ და შეხუმრების უფლებასაც მაძლევდა.

რა თქმა უნდა, ჩემი სამსახურებრივი პირადი ტელეფონის ნომერიც მქონდა მიცემული (ძალიან შეზღუდულმა რაოდენობამ რომ იცოდა და…)

ამ ნომერს არცთუ იშვიათად იყენებდა მოკითხვისთვის, ასევე,  თხოვნის და დავალებისთვის. ოღონდ, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, არასოდეს(!) უთხოვია არაფერი თავისთვის. სულ სხვებზე – კოლეგებსა თუ ახლობლებზე ზრუნავდა, სხვებისთვის, ზოგჯერ სულ უცხო ადამიანებზეც წუხდებოდა, თანაც ისე გულიანად და თბილად, რომ შეუძლებელი იყო, მისთვის ანგარიში არ გაგეწია.

ჰოდა, ერთხელ მირეკავს:

– გამარჯობა, ნუგზარ ბატონო, სესილია ვარო…

(ჩვეული თბილი, ალერსიანი მოკითხვის გარეშე.)

– ხომ მშვიდობა გაქვთ, დეიდა სესილია-თქო? – (ოდნავ გაოცებულმა დავუგვიანე პასუხი)…

– კი, როგორ არაო…

– ან, მე რამე ხომ არ გაწყენინეთ, ან რაიმე ხომ არ დავაშავე-თქო…

– არა, არაფერიო… (გაკვირვებით განაგრძო), – რატომ მეკითხებიო…

– აბა, ბატონობით რატომ მომმართე, იდიოტების წრიდან როდის ან რატომ გამრიცხე-თქო…

ჰოდა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი  შეცხადებით: უი, შენ არ მოუკვდე შენ პატრონს, როგორ შემაშინე, შე მართლა იდიოტო, ყველა იდიოტს შორის უსაყვარლესოოოო!..

არადა, თავად იყო საკუთარი ბებიასავით თუ დეიდასავით საყვარელი, მოსახერხებელი, ხელისგულზე სატარებელი „ოლღა ბებია“!

უკიდეგანო ნიჭიერების და უსაზღვრო კეთილშობილების პარალელურად, ეს დიდებული ქალბატონი იყო არნახული თავმდაბლობის განსახიერება. მისი ანდერძი,  ქრესტომატულია და ღირებული არა მარტო ახალგაზრდებისთვის  (მხოლოდ მსახიობებისა თუ ხელოვანთათვის კი არა), „ძველგაზრდებისთვისაც“  (მე რომ მკითხოთ -უფრო), განსაკუთრებით იმ ტიპაჟისთვის, ვინც ვერ გათავისუფლებულა მთაწმინდის, დიდუბის, ახლა კი მახათის „პანთეონის სინდრომისგან“!..

კიდევ კარგი, რომ ყველა დროში არსებობენ მორალური ავტორიტეტები. მათ რიცხვს ეკუთვნოდა და დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო უყოყმანოდ ეკუთვნის ეს მართლა განუმეორებელი ხელოვანი.

დიდებულ ქართველ ქალბატონს სესილია თაყაიშვილს გავუგზავნოთ თაობების დამსახურებული ტაში ზეციურ საქართველოში!

 

 

ასევე იხილეთ