აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა. ჩინურმა „შანდონ ტაიშანმა“, სადაც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, საკუთარ მოედანზე ავსტრალიური „სენტრალ კოსტ მარინერსი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და დუბლი შეასრულა – ვაკომ 74-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა, 88-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
უხვგოლიანი გამოდგა „გვანჯუსა“ (სამხრეთ კორეა) და „იოკოჰამას“ (იაპონია) შეხვედრა. სამხრეთკორეელებმა 7:3 მოიგეს, ერთი გოლი ბექა მიქელთაძემ გაიტანა, რომელიც მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და ხუთ წუთში თავიც გამოიჩინა.
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, ყაზაიშვილისა და მიქელთაძის გარდა, კიდევ ორი ქართველი თამაშობს – გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ (ირანი) პირველ ტურში „ალ აჰლისთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო გიორგი არაბიძის „ულსან ჰიუნდაი“ (სამხრეთ კორეა) პირველი ტურის მატჩს 18 სექტემბერს „კავასაკი ფრონტალესთან“ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.