კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში კი ლიდერობს
მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11-წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. კორუფციის არარსებობის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 68% დაიმსახურა და ლატვიასთან და მალტასთან ერთად თანაბარი შეფასებით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზე, მსოფლიოში კი 29-ე პოზიციაზე გავიდა.
ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო კორუფციის არარსებობით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატო-ს 14 წევრს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას და უკრაინას.
საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში და ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.