leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ასკურავა მზად არის, ამ არჩევნებში კისერმოტეხილ „ნაცებს“, „გნაცებს“, „შმაცებსა“ და მათთან გათანაბრებულ პირებს უმკურნალოს!

დავით ასკურავა ლეგენდარული ბიჭიკო ასკურავას შვილიშვილია. სიჭაბუკის წლებიდან მესმოდა მისი სახელი, თუ საქართველოში ვინმე რამეს მოიტეხდა, ვინმე რამეს დაიზიანებდა, ყველა მასთან გარბოდა, ყველა მასთან მკურნალობდა. სამწუხაროდ, მეც მომიწია ასკურავებთან მისვლა, ოღონდ ცხონებულ ბიჭიკოს შვილიშვილთან, დათოსთან. დაახლოებით თვენახევრის წინ სოფელში სველ კიბეზე ფეხი ამისრიალდა, ფლოსტები ჰაერში დამრჩა, უხერხულად დავეცი და სამი ნეკნი გავიტეხე. ეს ყოფილა საშინელება, აქამდე არასდროს გამომიცდია, ნურც თქვენ გამოგაცდევინოთ ღმერთმა. სამწუხაროდ, მეც მომიწია ასკურავებთან მისვლა-მეთქი, კი გითხარით, მაგრამ ამ ამბავს მეორე მხარეც აქვს – საბედნიეროდ, გავიცანი კარგი ადამიანი, კარგი კაცი, კარგი ქართველი, საუკეთესო ექიმი. როდესაც ტკივილები აუტანელი გახდა და გამაყუჩებლებმაც ძალა დაკარგა, ბედზე ლევან ნიკოლეიშვილმა დამირეკა, მომიკითხა და ცოტა შორიდან დაიწყო: შენთან ერთი სათხოვარი მაქვს, გემუდარები, უარს ნუ მეტყვი, ვიცი, რომ შენ ამის გაკეთება შეგიძლიაო. დავპირდი, რომ თხოვნას შევუსრულებდი და მეუბნება – დათო ასკურავასთან უნდა წაგიყვანო, ტკივილებს რამდენიმე საათში გაგიყუჩებს, დაისვენებსო. ასეც მოხდა, ტკივილები მომეხსნა, რამდენიმე დღეში კი ფეხზე დავდექი. ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი გამოცდილებით გირჩიოთ, ღმერთმა გაშოროთ, თუ მსგავსი რამ დაგემართებათ, ე.წ. სპეციალისტებთან არ „იმოგზაუროთ“, მიდით პირდაპირ დავით ასკურავასთან. არაფერს ვაჭარბებ, მეგობრულად გირჩევთ. დამშვიდობებისას კი ვიგრძენი, რომ ჩემში პაციენტის შეგრძნება გაქრა, პროფესიულმა ჩვევამ გაიღვიძა და საუბარიც შედგა.

 

***

– ბატონო დავით, რასაც დღეს თქვენ აკეთებთ, ეს ოჯახური ტრადიციაა, უკვე მერამდენე თაობა ხართ?

– უკვე ოთხ საუკუნეს ვითვლით, მე ეს ყველაფერი ბაბუამ გადმომცა, ის ცდილობდა, ყოველთვის ახლოს ვყოლოდი, ყოველთვის მის გვერდით ვყოფილიყავი და მეც დავყვებოდი, ვუჯერებდი. მე ძმაც მყავს, მაგრამ სულ სხვა გზით წავიდა, ეს საქმე არ აინტერესებს. ბაბუას ყველა შვილიშვილი ახლოს ჰყავდა, მაგრამ მე განსაკუთრებულად მასწავლიდა. მერე აკადემიური განათლება მივიღე, სამედიცინოზე მოსკოვში ვსწავლობდი, კიევშიც ვსწავლობდი, სპორტსმენიც ვიყავი, ველოსპორტში არაერთგზის ჩემპიონი ვარ, რუსეთის ორგზის პრიზიორი, ევროპის ორგზის პრიზიორი, უკრაინის ჩემპიონი, ამჟამად თბილისის ფედერაციის პრეზიდენტიც ვარ. მოკლედ, სპორტსმენებსა და მით უფრო ჩვენს ოლიმპიელებს სამედიცინო თვალსაზრისითაც ვუწევ დახმარებას, ლაშა ბექაური წინა ოლიმპიადაზე, ტოკიოში რომ გაემგზავრა, მხარი ჰქონდა ამოვარდნილი, არ აპირებდნენ წაყვანას, მე ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ჩემპიონიც გახდა. ნიკოლოზ დერიუგინი იყო ჩემი პაციენტი. ასე რომ, სპორტსმენებს ყოველთვის ვჭირდები. სხვათა შორის, ჩემთან ოპერის მომღერლებიც მოდიან, ლადო ათანელს ვუმკურნალე.

– სპორტსმენები გასაგებია, ოპერის მომღერალმა სად რა უნდა მოიტეხოს?

– წელი სტკიოდა… ბექა გოგინაშვილი ახლა ამერიკაშია, ეგეც ოპერის მომღერალია და ვუმკურნალე.

– მოდით, ჩამოვთვალოთ, თქვენ კონკრეტულად რა მიმართულებებით მკურნალობთ?

– მოტეხილობა, ამოვარდნილობა, მენისკი, ნაღრძობი, ართროზი… ართროზი არის ძვლის დაშლა, გვაქვს წამალი, რომელიც მსოფლიომ აღიარა, მე არ მიღიარებია, ეს აჩერებს ძვლის დაშლის პროცესს. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ როცა იმკურნალებს, თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც თავიდან დაბადებული, მაგრამ ეს გამორიცხულია. როდესაც ადამიანს ძვლის დაშლის პროცესს უჩერებ, მე მგონი, ესეც დიდი მიღწევაა.

– დღეს საქართველოში ამ კუთხით რომელი დაავადება უფრო სჭარბობს?

– მოტეხილობა ბევრია, მუხლების დაავადებაც, ხერხემლის დაავადებაც, თიაქარი. ჩემთან პაციენტი უნდა მოვიდეს რენტგენის დასკვნით, ჯერ უნდა დავინახო, სად არის მოტეხილობა თუ დაზიანება და რა მდგომარეობაშია. შემდეგ ვიწყებთ მკურნალობას. მარტო ჩივილებით ადამიანის მკურნალობა რთულია.

– საქართველოში ან სხვაგან სადმე კონკურენტი გყავთ? იმავე მეთოდებით ვინმე მკურნალობს?

– არა, კონკურენტი არ მყავს, მაგრამ თვითმარქვია ექიმბაშები არიან. ჩემ შემთხვევაში, რითაც ვმკურნალობ, ძირითადი ინგრედიენტი არის კვერცხის ცილა, დანარჩენი საიდუმლოა. შეიძლება, ვიღაცამ კვერცხის ცილა გამოიყენოს, მაგრამ დანარჩენს ვერ გამოიყენებს და რასაკვირველია, ე.წ. მკურნალობაც იქნება უშედეგო. არიან ვიღაც ჩვენი გარე ბიძაშვილები, რომლებიც ასკურავების გვარით სარგებლობენ, მაგრამ სინამდვილეში თაღლითები არიან.

– დავაზუსტოთ, ისინიც ასკურავები არიან?

– დიახ, ასკურავები არიან, მაგრამ სამედიცინო სფეროსთან შეხება არ აქვთ. ამტკიცებენ, ჩვენც ვმკურნალობთ, იმავე მეთოდებს ვიყენებთო. თუმცა ბაბუაჩემის საიდუმლოებების შესახებ არაფერი იციან.

– ასე, ალბათ, ბევრი ტყუვდება.

– ძალიან ბევრი ტყუვდება და ბოლოს მაინც ჩემთან მოდიან.

– გამოდის, ნამდვილი ასკურავა თქვენ ხართ.

– მე ვარ ნამდვილი ასკურავა, ანუ ამ საქმის ნამდვილი გამგრძელებელი, მემკვიდრე და მუდმივად ვსაქმიანობ ივერიის 5 ნომერში. თაღლითები კი, ასე ვთქვათ, მომთაბარეობენ, ხან დიღომში არიან, ხან წერეთელზე. ჩემთან დაზარალებულები რომ მოდიან, ეგრევე ვცნობ ხელწერას.

– კი მაგრამ, თუ გარე ბიძაშვილები არიან, უნდა დაელაპარაკოთ.

– დაველაპარაკე, ვერაფერი გავაგებინე, წამალდამოკიდებულები არიან და შევეშვი, აზრი არ აქვს, მიჰყავხარ იმ მდგომარეობამდე, რომ უნდა შეეხო და მაგათაც ეგ უნდათ. ერთი არის კიდევ ჩემი ნაღდი ბიძაშვილი, რომელიც გურიაში ცხოვრობს და ის მართლა მკურნალობს.

– რაკი გურია ახსენეთ, გაფართოებას ხომ არ აპირებთ რეგიონებში?

– ამ ეტაპზე არა… მე დავდივარ, თუ ჩაწოლილი პაციენტია. ბაბუაჩემს ჰქონდა კლინიკა მოსკოვში, ის მინდა აღვადგინო. დღეში 80 კაცამდე ვიღებ, ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გავაკეთო. იყო დრო, დღეში 50 კილომეტრს გავდიოდი ველოსიპედით, ასე არ ვიღლებოდი.

– ფაქტობრივად მე თქვენთან გავიარე სრული კურსი, აქ ვნახე ბევრი ადამიანი, უკმაყოფილება ვერავის შევატყვე.

– იშვიათად უკმაყოფილოც გამოერევა ხოლმე, ზოგს ჰგონია, რომ ვუმკურნალებ, ეგრევე უნდა წამოხტეს და გაიქცეს. არადა, საჭიროა რეაბილიტაცია. ცურვაა საჭირო, ველოსპორტიც კარგია, ამ დროს ყველა კუნთი მოძრაობს.

– ისე, ცოტა პოლიტიკაზეც რომ გავისაუბროთ, რა უჭირს?

– არც არაფერი.

– თქვენზე მითხრეს, „ნაცებს“ ვერ იტანს დასანახადო.

– ეგ თავისთავად, მაგრამ რა ვუყო, მაინც ექიმი ვარ და ვინც მოდის, არ ვეკითხები, როგორი პოლიტიკური ორიენტაცია აქვს. თუნდაც „ნაცი“ იყოს, უნდა ვუმკურნალო.

– რა თქმა უნდა, თქვენ რომ გეთქვათ, „ნაცებს“ არ ვუმკურნალებო, ძალიან არ მომეწონებოდა. თუმცა, მაინც უნდა გკითხოთ, „ნაცები“ ამ არჩევნებში კისერს მოიტეხენ?

– რა თქმა უნდა, მოიტეხენ.

– პრინციპში, უკვე მოტეხილი აქვთ და რამე უშველით? მკურნალობას დაექვემდებარებიან?

– არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მე ხელს ვერ გავისვრი. საერთოდ, ექიმმა არ იცის პოლიტიკა, გაჭირვებული ადამიანი რომ მოგადგება, უნდა მიხედო.

– რა თქმა უნდა, აქ რომ დამტვრეული „ნაცი“ მოვიდეს, უნდა მიხედოთ, ეგენიც ხომ გარეგნულად ადამიანები არიან?

– მოვიდნენ, მზად ვარ, ვუმკურნალო, ნუ დაიმორცხვებენ.

 

გელა ზედელაშვილი

lideri.ge

ასევე იხილეთ